ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმეზე დღეს სავარაუდოდ, როინ მეტრეველი გამოიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის არსებულ დავაზე სავარაუდოდ, ისტორიკოსი როინ მეტრეველი გამოიკითხება.
როგორც საქართველოს პირველ არხს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა განუცხადა, მეტრეველი გასულ პროცესზეც უნდა გამოკითხულიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მისი გამოკითხვა დღეისთვის გადაიდო.
„გახსოვთ, გასულ პროცესზე გიორგი ოთხმეზური გამოიკითხა. ასევე, გამოსაკითხ მოწმედ მითითებული გვყავდა როინ მეტრეველი. რაც შეეხება ისტორიკოსების გამოკითხვას, დავით მუხრანელის განცხადებით, ეს ადამიანები მასზე ამბობენ, რომ ის არის სამეფო სახლის მეთაური. სწორედ, ამიტომ მოვითხოვეთ, მათი გამოკითხვა მომხდარიყო სასამართლოში. ამ ადამიანს არა მეფეს, არამედ თვითმარქვიას ეძახიან. ასევე, ღიად ამბობენ, რომ თუ ვინმეს აქვს ლეგიტიმური უფლება საქართველოს სამეფო ოჯახის სახელი გამოიყენოს, ბაგრატიონ-გრუზინსკების შტოა“, – აცხადებს გორელაშვილი.
საწინააღმდეგოზე საუბრობს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი. მისი თქმით, ის ინფორმაცია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა და გამოძიებას დაემალა, არასწორია.
„ვერსია, რომ ბატონმა დავითმა ქვეყანა დატოვა, არის სიმართლე, მაგრამ ის არ გაქცეულა. ის წავიდა ესპანეთში, რადგან დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამის შესახებ მე ღიად ვისაუბრე რამდენიმე დღის წინაც. არაერთ მტკიცებულებას წარვადგენთ და ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ სარჩელი, რომლითაც ანა ნაგრატიონ-გრუზინსკიმ სასამართლოს მიმართა, არის ყოვლად უსაფუძვლო”, – განაცხადა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ.
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობას“ ედავებიან. საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 15:00 საათისთვისაა ჩანიშნული.