მამუკა მდინარაძე - პოლიციამ იმოქმედა შესაძლებლობების ზღვარზე, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო
ვინმეს მხრიდან ისეთი მოქმედებების გაბედვა, რომ იძალადოს ჟურნალისტზე, ოპერატორზე, ასევე თავისი შეხედულებების გამოხატვა დაუკავშიროს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და ასე შემდეგ არის ყოვლად წარმოუდგენელი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად ადამიანის მიმართ, განსაკუთრებით კი მედიის წარმომადგენლის მიმართ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ყველა მოძალადე სათანადოდ დაისჯება.
„ეს არის საკითხები, რომლებზეც კამათი და მსჯელობაც კი არ შეიძლება. ადამიანის მიმართ და მით უმეტეს ჟურნალისტის, ოპერატორის თუ მედიის წარმომადგენლის მიმართ ძალადობა არის წარმოუდგენელი, კატეგორიულად მიუღებელი. დარწმუნებული ვარ, როგორც დაიწყო შესაბამისი რეაგირება შსს-მ, ასეც გაგრძელდება და ყველა მოძალადე სათანადოდ დაისჯება.
ერთი კითხვა მაქვს თითოეულ მათგანთან და ამ ყველაფრის ორგანიზატორებთან, უფრო სწორად, თუკი მათ ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ ეროვნული ინტერესები, ეროვნული იდენტობა, ეკლესია და ასე შემდეგ უნდა დაიცვან, მაშინ ის ქმედებები, რაც მათმა ნაწილმა განახორციელა, პირიქით, ხომ არ უწყობს ხელს ამ ყველაფერს დისკრედიტაციას, ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს? ეს ვიღაცები არიან ისინი, მათ შორის სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და პრაიდის ორგანიზატორები, რომლებიც ალბათ ისურვებდნენ იმასაც, რომ ვიღაცას ჩამოეხსნა ევროკავშირის დროშა, ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ პოლიციამ შესაძლებლობების ზღვარზე იმოქმედა.
„წინა დღეების განმავლობაში და გუშინაც პოლიციამ იმოქმედა შესაძლებლობების ზღვარზე. მინდა, თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს. რა თქმა უნდა, გმირ პოლიციელებს მადლობა ეკუთვნით, მაგრამ იყო ისეთი მომენტებიც, რა დროსაც ვერ მოხერხდა ის, რაც იყო ყველასთვის სასურველი. სამწუხაროდ და საუბედუროდ, გუშინწინ დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი, რაც წარმოუდგენელია. სწორედ ეს ქმედება იყო, რასაც ისურვებდნენ პროვოკაციის ავტორები, რაც მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ქალაქში 3 000-ზე მეტი პოლიციელი გაშლილი იყო სხვადასხვა ლოკაციაზე და პრაიდის ორგანიზატორებმა ისიც კი არ გააკეთეს, რომ დილიდანვე ლოკაციები მიეწოდებინათ. რა თქმა უნდა, ეს არ გააკეთა აქციის დამგეგმავთა ძირითადმა ნაწილმა. აქედან გამომდინარე, ურთულესი აღმოჩნდა პრევენცია და შედეგები ნახეთ. მაგრამ ახლა მთავარია, რომ ყველა მოძალადე პირი, რომელმაც პროვოკაციის დამგეგმავების წისქვილზე წყალი დაასხეს, სათანადოდ იყოს ჯერ იდენტიფიცირებული, შემდეგ დასჯილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტს, მდინარაძის თქმით, ამაზე ყველაზე მკაფიო რეაგირება ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც თავისი ხელით აღმართა დროშა.
„ამაზე როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული დატვირთვით დღეს რეაგირება ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც თავისი ხელით აღმართა დროშა. თუკი რაიმე ემსახურება ანტიდასავლური გრძნობების გაღვივებას და ანტიდასავლურ პროპაგანდას, ეს არის მაგალითად, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა, ძალადობა მედიასაშულებების წარმომადგენლებზე და ეს ასხამს იმ ხალხის წისქვილზე წყალს, რომლებიც დგანან პრაიდის უკან. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. გუშინაც ვხედავდით ამ ყველაფერს, მათ შორის განცხადებების გაკეთებისას. ამ ქვეყანაში არის უამრავი ადამიანი და პრაქტიკულად უმრავლესობა, რომელიც პირველ რიგში და პრიორიტეტად აყენებს ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ იდენტობას და ამისათვის ბევრ რამეს გააკეთებს, მაგრამ ეს ბევრი რამ არ უნდა ნიშნავდეს ძალადობას. პირიქით, ძალადობა ახალისებს მაგალითად, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივებას და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მთელი საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, ისევე როგორც ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეკლესიის მიმართ ბრძოლა, ეკლესიის დარტყმები, რომელსაც სამწუხაროდ, ბოლო დროის, წლების განმავლობაში ვუყურებთ კონკრეტული პოლიტიკური ძალების თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, ესეც უნდა იყოს დაგმობილი და სახელდარქმეული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.