მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას უნდა მივცეთ ახალი პერსპექტივა ახალი კოალიციური მთავრობით, სადაც „ლელო“ ითამაშებს ლოკომოტივის როლს, მოგიწოდებთ ბრძოლისკენ, ერთად დგომისკენ
მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას უნდა მივცეთ ახალი პერსპექტივა ახალი კოალიციური მთავრობით, სადაც „ლელო“ ითამაშებს ლოკომოტივის როლს, მოგიწოდებთ ბრძოლისკენ, ერთად დგომისკენ

„ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც ემსახურება რუსეთს, კლავს პერსპექტივას ჩვენი ქვეყნისთვის, ახალგაზრდობისთვის, მომავლისთვის, არაფერი გამოვა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ ანაკლიაში მედიას განუცხადა, ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს.

„მოვუწოდებ ყველას, ვისაც უნდა ჭაობიდან ამოვიდეს ქვეყანა, დაძლიოს უმუშევრობა, ქვეყანა გახდეს მდიდარი, ჩამოვიდნენ ემიგრანტები და არ მიდიოდნენ ისე, როგორც მოუწოდა ბიძინა ივანიშვილმა, გაემგზავრეთო. ვისაც ეს უნდა, უნდა შევიკრათ ერთად, რომ დავამარცხოთ ეს ორი პოლუსი, ეს ჩაკეტილი წრე, ქვეყანას უნდა მივცეთ ახალი პერსპექტივა ახალი კოალიციური მთავრობით, სადაც „ლელო“ ითამაშებს გადამწყვეტ როლს, ლოკომოტივის როლს შეასრულებს. მოგიწოდებთ ბრძოლისკენ, ერთად დგომისკენ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება.

„ოთხი წლის განმავლობაში გვესმის ტყუილი, რომ ანაკლიაში რაღაც მოხდება, ეს არის ტყუილი დაპირება. აქ ახლა უნდა ყოფილიყვნენ დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეები. ქვეყანამ დაკარგა ფუნქცია, რომ დღეს საქართველო ყოფილიყო მნიშვნელოვანი მოთამაშე და გამტარებელი ყველა იმ ტვირთის თუ სერვისის, რომელიც მიედინება ევროპასა თუ აზიაში. „ლელო“ ამ პროექტს აუცილებლად ავაშენებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.