გერმანიაში დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების უფლებას აძლევს.
ახალი კანონის თანახმად, კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან ეძლევა უფლება, გერმანიაში შრომითი ხელშეკრულების გარეშე ექვსი თვით ჩავიდეს და ადგილზევე მოიძიოს სამსახური.
საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად.
მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პირის კვალიფიკაცია აღიარებული იყოს გერმანიაში, ასევე სამსახურის მაძიებელს ჰქონდეს დაზღვევის პოლისი და დროებითი საცხოვრებელი.
არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში, მესამე ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება 24-თვიანი ვიზის აღება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
ახალი კანონი მსურველებს გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობასაც სთავაზობს, ამისათვის პრეტენდენტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონე).
იმ პირებს, ვისაც გერმანიაში კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება აქვთ, შეუძლიათ მიიღონ ოთხწლიანი ვიზა ან იმ ხანგრძლივობის, რაც მითითებულია შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ, დასაქმებულს ბინადრობის მიღების უფლება ექნება.
ბოლო კვლევების მიხედვით, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობაზე კანცლერმა ანგელა მერკელმა 2018 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა.
როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.
გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის გერმანიის შრომის სამინისტრომ სპეციალური საინფორმაციო პორტალი შექმნა, სადაც დაინტერესებულ პირს საკუთარი კვალიფიკაციის შემოწმება და სხვა ამატებითი ინფორმაციის მოძიება შეუძლია.