ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდაზე დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი კი, საგარეჯოში
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) შუალედურ არჩევნებზე 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შედეგები გამოაქვეყნა.
ცესკო-ს მონაცემებით, მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 34.27 პროცენტი შეადგინა, საგარეჯო – 74.56 პროცენტი, ახმეტა – 50.57 პროცენტი, მარნეული – 35.82 პროცენტი.
ამასთან, 20:00 საათისთვის ადიგენში ამომრჩეველთა აქტივობა 56.41 პროცენტი იყო, ზესტაფონი – 47.03 პროცენტი, ჭიათურა – 43.26 პროცენტი, ტყიბული – 39.85 პროცენტი, წყალტუბო – 52.05 პროცენტი, ოზურგეთი – 45.45 პროცენტი, ზუგდიდი- 46.88 პროცენტი, ხულო კი – 58.21 პროცენტი.
აქტივობა ყველაზე დაბალი იყო მთაწმინდის ნომერ პირველ ოლქში, ყველაზე მაღალი კი, საგარეჯოში.
დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.
მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა რვა მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში.
ამასთან, პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა თბილისში, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში.