ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით სავარაუდოდ დღეს განიხილავენ
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით სავარაუდოდ დღეს განიხილავენ.
ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. მმართველი გუნდის ოპონენტების ძირითად უკმაყოფილებას ის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ ამნისტია გავრცელდეს, პირი მასზე უარს არ უნდა აცხადებდეს.
„ხელისუფლების ხედვა არის სრულიად განსხვავებული და ვფიქრობ, აცდენილი იმ დოკუმენტს, რასაც ხელი მოვაწერეთ. ამნისტიის მიღება უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ეს კრიზისი გადაილახოს და ამ თემაზე საუბარმა კრიზისში არ შეგვიყვანოს. „ქართული ოცნებისთვის“ ეს მიზანი არ არის და გვთავაზობენ ვერსიას, სადაც სრულიად ბუნდოვანია, ვისზე ვრცელდება ამნისტია“, – განაცხადა ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმებას, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა პირს. საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციების კიდევ ერთხელ გამართვას არ გამორიცხავს და იმედს გამოთქვამს, რომ არსებულ კანონს ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა ექნება.
„ჩვენ გვაქვს რესურსი და სურვილი, რომ თუკი იქნება შეჯერებული პოზიციები ოპოზიციასთან, ამ კანონპროექტში რაიმე ტიპის ცვლილებები შევიტანოთ მხოლოდ იმ პრინციპების დაცვით, რაც არის ძირითადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტში, რომ ამნისტირებულ უნდა იქნას ყველა სამართალდარღვევა, რაც 20 ივნისის მოვლენებთან უშუალოდ არის დაკავშირებული. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დეტალები შეიძლება, შეჯერდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის შინაარსი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით, უარს არ აცხადებენ მათ მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.