„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტისა და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე მსჯელობას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდება.
დეპუტატების განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ჰუმანური აქტის პრინციპებს ეფუძნება და ასეულობით პატიმარზე გავრცელდება. ცნობილია სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლებიც, რომლებსაც ამნისტია შეეხება კონკრეტული დათქმებით. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ამნისტიის აქტი ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ განსაზღვრული პროცედურით განხორციელდება.
პროექტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე მიიღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. ამნისტიის აქტი უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.
„ამნისტიის კანონპროექტი წინა კვირაში წარედგინა საქართველოს პარლამენტს. ორშაბათის ბიუროზე განაწილდება შესაბამისი წამყვანი კომიტეტი, რომელზედაც უკვე დაიწყება განხილვები რაც შეიძლება სწრაფად და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ გაიხსნება დისკუსია, რომლის შედეგადაც მივიღებთ სრულფასოვან ტექსტს ამ ამნისტიისა. სრულფასოვანს ვამბობ იმდენად, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, სრულფასოვნად და რაც შეიძლება მასშტაბურად განხორციელდეს ამნისტიით განსაზღვრული დებულებები და მეორე მხრივ, გავუფრთხილდეთ იმ მნიშვნელოვან ღირებულებებს, რომლებიც განსაკუთრებულად პრიორიტეტულია სისხლის სამართლის პოლიტიკისთვის. მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების უსაფრთხოებაც და რასაკვირველია, ინდივიდუალური დაზარალებულების ინტერესები, რომელსაც ბუნებრივია, ამჟამად წარდგენილი კანონპროექტიც იცავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ განხილვების პროცესში შევძლებთ, ყველა დაინტერესებული პირის მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველვყოთ ყველაზე სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ასევე მოხდება მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ინიცირება, რომელიც, დეპუტატების განცხადებით, საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული.
პროექტის მიხედვით, პარტია, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს. ასევე, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიღაც ცენზს.
„თქვენ იცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ დაანონსდა ეს ცვლილებები, განსაკუთრებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და პრინციპში ზოგადადაც. ბუნებრივია, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც საჭიროებს უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევას და ხელმძღვანელობას საქართველოში, ცხადია, უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან. ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ საუბარი არ არის პოლიტიკური პარტიის გაუქმებაზე, რადგან იყო საუბრები ამაზე. საუბარია მხოლოდ რეგისტრაციის მოხსნაზე არჩევნებიდან, რადგან პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც საჭიროებს ქართული საზოგადოების ნაცვლად უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევას, ბუნებრივია, არ იმსახურებს არჩევნებში მონაწილეობას. ასევე, დაფინანსების წესიც იცვლება. ცხადია, ასევე, რომ საზოგადოების ნებას და დაკვეთას რომელი პოლიტიკური პარტიაც არ ასრულებს, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ მიიღებს მანდატებს საზოგადოებისგან და არ შეასრულებს ამ დაკვეთას, ბუნებრივია, ასეთ პოლიტიკურ პარტიას დაფინანსებაც არ ეკუთვნის“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.