Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო
Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო

მიუხედავად მრავალგზის დაპირებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო და ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაუსჯელობა შენარჩუნდა, – ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი.

„ივნისში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, ხელისუფლება პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომლის მანდატადაც სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება დასახელდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში მოყვანიალია „ბირჟა მაფიის“ წევრების საქმე. Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ მუსიკოსების გამოთქმული ბრალდებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, თუმცა 2017 წლის ბოლოსთვის ჯერ დასრულებული არ იყო.

„ივნისში ჰიპჰოპ დუეტის „ბირჟა მაფიის“ ორივე წევრი ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ბრალდებით დააკავეს, რასაც მათი მხარდასაჭერი დემონსტრაციები მოჰყვა. დაკავებული მუსიკოსები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავებმა მათ ნარკოტიკები პოლიციელის გამშარჟებელი მუსიკალური კლიპის გადაღებისათვის შურისძიების მიზნით ჩაუდეს. მუსიკოსების თქმით, მათ დაკავებას პოლიციის მხრიდან ვიდეოს წაშლის თაობაზე მუქარის შემცველი მოთხოვნები უძღოდა წინ. საპროტესტო აქციებს „ბირჟა მაფიის“ წევრების წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოჰყვა. მუსიკოსების ბრალდების საფუძველზე, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული“, – აღნიშნულია ანგარიშში.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ასევე მოხვდა დემურ სტურუას საქმე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს, ხოლო პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

„ივნისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა პოლიციელი, რომელსაც ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა. საქმე 2016 წლის 8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს სოფელ დაფნარში მომხდარ 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობას ეხება. პროკურატურის სარჩელი რამდენიმე მტკიცებულებას ეყრდნობოდა: დემურ სტურუას წერილი, სადაც ის თვითმკვლელობამდე მიყვანაში პოლიციის თანამშრომელს ბრალს ღიად სდებს; ცხედრის ექსპერტიზის შედეგები, სადაც ძალადობის კვალი დასტურდება; ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ისვამს პოლიციელი მანქანაში დემურ სტურუას მისი თვითმკვლელობის დღეს; და სატელეფონო ზარების ამონაწერი. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს. პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა“, – აღნიშნულია Amsnesty International-ის ანგარიშში.