საფრანგეთის ქალაქ ლილში, “პიერ მორუას” სტადიონზე ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში იაპონიას შეხვდა და 3:1 მოიგო.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა პირველი ტაიმის 26-წუთიან ინტერვალში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როცა სამი გოლი გაუტანეს აზიელებს.
უკვე მე-10 წუთზე არბიტრმა იაპონელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ნეიმარმა გამოიყენა. მე-17 წუთზე “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეორე პენალტი ვერ გაიტანა. რამდენიმე წამში ანგარიში მაინც გახდა 2:0 – მარსელომ ძალიან ლამაზი შორეული დარტყმით გაიტანა. 36-ე წუთზე კი გაბრიელ ჟესუსმა დანილოს პასი გამოიყენა და ანგარიში 3:0 გახდა.
იაპონიამ მეორე ტაიმში ერთი ბურთი გაქვითა – 63-ე წუთზე ტომოაკი მაკინომ გაიტანა.
ბრაზილიის ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ალისონი (46. კასიო) – მარსელო (59. ალექს სანდრო), ტიაგო სილვა, ჟემერსონი, დანილო – ჯულიანო (80. რენატო აუგუსტო), კაზემირო, ფერნანდინიო – ვილიანი (71. ტაისონი), გაბრიელ ჟესუსი (58. დიეგო სოუზა), ნეიმარი (71. დუგლას კოშტა).