ამირან სალუქვაძე - სირცხვილია, როცა პოლიტიკოსებს შიდა პოლიტიკური პროცესების წარმართვაში ელჩები ეხმარებიან
სირცხვილია, როცა პოლიტიკოსებს შიდა პოლიტიკური პროცესების წარმართვაში ელჩები ეხმარებიან, – ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩემთვის ეტალონი იყო ევროკავშირის ელჩი იმ იერიშის შემდეგ, რაც მასზე მიიტანეს და მან თქვა – მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ, მიყვარს საქართველო და მაქვს ინტერესი, ეს ქვეყანა იმ მიზნამდე მივიდეს, რაც ყველა მოქალაქის ინტერესშიაო. ეს არის პოლიტიკური კულტურის, დიპლომატიური კულტურის და სიყვარულის ეტალონი. გამოდის, რომ მას ჩემზე მეტად უყვარს საქართველო, სხვაზე არ ვლაპარაკობ. ახლა, ამ პოლიტიკური კულტურის პირობებში, რაც ჩვენთან არის, არ ვიცი, როგორ არის შესაძლებელი დიალოგი? ვინ უნდა დაგვსვას, რომ შეთანხმებაზე მოვილაპარაკოთ და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ დაპირისპირება? ეს დაპირისპირება რომ დასრულდეს, შავზე არ უნდა მითხრა თეთრიაო და თეთრზე კიდევ შავიო, თუ არჩევნების წინ ბოდიშს მიხდი, არჩევნების მერე ნუღარ მემუქრები და ა.შ“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისი თქმით, როცა პოლიტიკურ ელიტას ლაპარაკი არ შეუძლია, ამ ელიტის განახლების გარდა, სხვა შანსი არ არის.
„პოლიციელი ხელშეუხებელი უნდა იყოს და პოლიტიკოსებმა ისე უნდა იპოლიტიკოსონ, რომ პოლიციელი არ უნდა ჩაირიონ. ეს პოლიტიკოსები, ვინც ოცდაათი წელია ტრიალებს, ყველა სახლშია გასაშვები. მე პარტიების აკრძალვაზე არ ვლაპარაკობ. ცალკეულ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობ. ოცდაათი წელი რომ ლაპარაკის კულტურა ვერ ისწავლე, წადი რა, გაეცალე პოლიტიკას, ქვემოთ ჩაიწიე და მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან ლაპარაკი შეუძლიათ“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.