მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ქვეყნის გარეთ დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს. ვისაც ეს მოწყობა არ მოსწონს, უნდა თქვას, რომ საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლა სურს, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე მთავრობასთან თანხმობა, კონსტიტუციის მიხედვით, ზუსტად ამ ნიუანსის დასაზღვევადაა.
„იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
რამდენიმე თემაზე მსურდა რეპლიკების დაწერა, მაგრამ პრეზიდენტის ვოიაჟის და იმპიჩმენტის თემით დავიწყე და ერთ აბზაცში არ დაეტია. სხვა ცხელ თემებს მოგვიანებით. უბრალოდ, ერთდღიანი თემა რომ ყოფილიყო, გავატარებდი, რადგან პრეზიდენტის დახასიათება ჩემთვის აღარაა საინტერესო. მაგრამ საკმაოდ გრძელვადიან პროცესს ეხება, რასაც ასევე დიდი პრედისტორია აქვს. ამიტომ…
ნორჩი „კონსტიტუციონალისტები“ გამოვიდნენ სიტყვით, თავად ვერ გარკვეულან, რა და რატომ წერია კონსტიტუციაში, და რაღაც ცვლილებებს ითხოვენ. მომხრეებიც გამოუჩნდნენ. ყველაფრის ექსპერტი კი დისკრიმინაციაზე ალაპარაკდა. რა შუაშია დისკრიმინაცია?!
უნდა ავხსნათ ანა-ბანა. საპარლამენტო მოწყობაზე გადავედით. ეს ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკას შეიმუშავებს პარლამენტი და აღასრულებს მთავრობა. პრეზიდენტს ქვეყნის გარეთ წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს და არა – აღმასრულებელი. ანუ, მან უნდა გაახმოვანოს ის, რასაც მთავრობასთან შეათანახმებს. დიპლომატიაში ნებისმიერ წვრილმანსაც მნიშვნელობა აქვს. ამ წვრილმანების უფლებაც არ აქვს, თუ მთავრობის კურსს ეწინააღმდეგება.
ვიმეორებ, ამ კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ქვეყნის გარეთ დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს. ვისაც ეს მოწყობა არ მოსწონს, უნდა თქვას, რომ საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლა სურს. შესაბამისად, საგარეო ვიზიტებზე მთავრობასთან თანხმობა, კონსტიტუციის მიხედვით, ზუსტად ამ ნიუანსის დასაზღვევადაა. პრეზიდენტი პრემიერს ფულს კი არ სთხოვს (ვატყობ, ამ ნორმის შემოტანაც იქნება საჭირო, ისე ვერ იგებენ) ვიზიტისთვის, არამედ ვიზიტის დეტალები უნდა შეათანხმოს, ვის შეხვდება, რა საკითხებზე ისაუბრებს, რა ხაზს გაატარებს და ა.შ. ანუ, სასაუბროს ათანხმებს.
როცა პრეზიდენტი წლინახევრის განმავლობაში ქვეყნის გარეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხაზზეა, მთავრობას აკრიტიკებს და ცდილობს, შექმნას იგივე აღქმები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, რა თქმა უნდა მთავრობა თავის უფლებას გამოიყენებს, რათა თანხმობა არ მისცეს ვიზიტებთან დაკავშირებით.
ესაა სულ. უმარტივესია. აქ პრეზიდენტის ვინაობას არ აქვს მნიშვნელობა, ზურაბიშვილი იქნება, თუ ვინმე სხვა.
ყველაფრის ექსპერტი ბალანსზე რომ საუბრობს, ამ ნიუანსებზე წარმოდგენა არ აქვს. როგორ შეიძლება, მთავრობა ერთს საუბრობდეს ქვეყნის გარეთ და პრეზიდენტი – მეორეს?!“ – წერს სალუქვაძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება იმპიჩმენტს, პირველად არ ხდება ეს დაპირისპირება და მოსალოდნელი იყო.
„იგივე ეხება ე.წ. კონსტიტუციონალისტების და მათი ამფსონების მოსაზრებებს, თუ საპრეზიდენტო მოდელი სურთ, თქვან, თუ არა, იმაზე კი არ უნდა იფიქრონ, როგორ მოუწყონ საბოტაჟი მთავრობას, არამედ უნდა აუხსნან საზოგადოებას და პოლიტიკოსებს ეს ნორმები. ესენი კი თავად ებმებიან საბოტაჟში.
ზურაბიშვილი შტაინმაიერთან ბრძანდებოდა. ჰკითხოს, აქვს თუ არა მას უფლება, შოლცის საპირისპირო ხაზი გაატაროს ან ჩაფრინდეს ამერიკაში ან საფრანგეთში და შოლცი გააკრიტიკოს საგარეო საკითხებში?!
ყველაფერში ვმავნებლობთ და მერე გვიკვირს, რატომ გვაქვს პრობლემები. ამიტომ გვაქვს, ყველა საბოტაჟზე ვფიქრობთ და ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს ვანაცვალებთ ქვეყანას და მის მომავალს.
რაც შეეხება იმპიჩმენტს, პირველად არ ხდება ეს დაპირისპირება და მოსალოდნელი იყო. ხმები რომ საკმარისი არ ექნება „ოცნებას“, გასაგებია, თუმცა თავად პროცედურა დარჩება ბიოგრაფიაში. ასევე, თუ საკონსტიტუციომ დაადასტურა კონსტიტუციის დარღვევა, ესეც დაღად დარჩება.
ხმებს რაც შეეხება, მთლად არხეინად ნუ იქნება პრეზიდენტი. არაა გამორიცხული, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი სარგებელიც იპოვონ იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემაში, რაც თვეების შემდეგ მოხდება.
მთელი ეს აჟიოტაჟი რომ გარედან მართულია და, კანდიდატის სტატუსის თემის გამოყენებით, რევოლუციური სიტუაციის აგორებას ეხება, ბევრჯერ ითქვა. ის, რომ „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ ორი თემა აქვს მოსახლეობის მოსატყუებლად, უბედურობები და სტატუსის ჩავარდნა, ბევრჯერ დავწერე. აღარ განვავრცობ.
კანდიდატის სტატუსს რაც შეეხება, წინა ვიზიტებით პრეზიდენტმა ყველაფერი გააფუჭა, ახლა კი ქმნის ილუზიას, თითქოს ყველაფერს ცდილობს. შემოდგომით თუ მოგვცემენ, იტყვის ჩემი წვლილიცააო, თუ არ მოგვცემენ, ყველაფერს ვეცადეო.
კიდევ ერთია. ამ დაუმორჩილებლობით ასევე ცრუ გარემოებას ქმნიან, თითქოს სტატუსის ლობირების გამო მიდის და არ უშვებენ. სინამდვილეში, უარი მიიღო ზემოთ აღნიშნულის გამო, როცა წინა ვიზიტებისას ოპოზიციის დაკვეთა გაატარა და საუბრობდა, თითქოს სტატუსი არ გვეკუთვნოდა.
მასეც რომ ყოფილიყო, საპირისპირო უნდა ელაპარაკა. ზუსტად ოპოზიციის და პრეზიდენტის ვიზიტების პარალელურად ვაქვეყნებდი ცნობილ სცენას თუთაშხიადან, სადაც საუბარია, ქვეყნის გარეთ შენი ერის დესპანი უნდა იყოო. მეხსიერება არავის წაშლია“, – აცხადებს სამხედრო ექსპერტი.
როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მთავარი მიზეზი მაინც ისაა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია თუ დაარღვია, იმპიჩმენტი ისევე უნდა დაიწყოს, როგორც მოქალაქის მიერ კანონის დარღვევისას სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული დევნა იწყება.
„სადღაც წავიკითხე, აქამდე უნდა დაეწყოთო. აქამდე ასეთ ღია დარღვევას ადგილი არ ჰქონია. იმპიჩმენტს მყარი საფუძველი სჭირდება. აქ საუბარი არაა, „ოცნებას“ სურს თუ არა იმპიჩმენტის წამოწყება. თუ არ დაიწყებენ იმპიჩმენტს, მაშინ კონსტიტიციის არსებობას რაღა აზრი აქვს, განსაკუთრებით, როცა თავად გარანტი არღვევს მას?!
პრეზიდენტმა კი ვერ გაიგო, რამდენად სერიოზულ ბრალს სდებენ მას და კუკუდამალობანას ეთამაშება „ოცნებას“, მოგზაურობების სელფებს აქვეყნებს.
კენჭისყრის დროს საინტერესო იქნება, ვინ დააჭერს წითელს და ვინ – მწვანეს, თუ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რომ კონსტიტუცია დაირღვა. გამოჩნდება, ვინ იბრალებს ევროპელობას და ვინაა ჯუნგლებიდან.
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კი ერთი მესიჯბოქსით იქცევა. პარტიის დასახელებას არ აქვს მნიშვნელობა. საარჩევნოდ გადალაგ-გადმოლაგდებიან, ხმების დასათრევად, შუაშისტების მოსატყუებლად. შემთხვევით არ ვიყენებ ბოლო ერთი თვეა, ტერმინს „ფსევდოშუაშისტი“. ავხსნი როგორმე. მოკლედ, გადალაგდებიან, მაგრამ ისევე ერთნი იქმებიან, როგორც ახლა.
ისე, ხუთი პრეზიდენტიდან ერთი მოკლეს, ერთი მოკვდა, ერთი დაიჭირეს, ერთი უვნებლადაა და იმპიჩმენტიანი გვაკლია.
P.S. კიდევ ერთია, რაც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებს ეხება. ოღონდ ეს უფრო სხვა ოპოზიციონერებს ეხებათ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ევროპაში სტატუსის ჩასაგდებად დადიოდნენ. აქ პირდაპირ ირღვევა სს კოდექსის მოქმედი თუ 2006 წელს ამოღებული 319-ე მუხლი, რაც 7-დან 15 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. დავაზუსტებ, დარჩა თუ არა კოდექსში ეს მუხლი და აუცილებლად ავხსნი, რას ნიშნავს „სახელმწიფოს ინტერესი“ და მუხლსაც ავხსნი“, – აცხადებს სალუქვაძე.