ამირან სალუქვაძე - მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი წითელი ხაზების გადალახვის საშუალება უნდა მისცენ, შემხვედრი ნაბიჯები ორივე მხარემ უნდა გადადგას
ნარიშკინის განცხადების ამოცანა იყო საქართველოს დაკნინება, როგორც სახელმწიფოსი, – ამის შესახებ ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის, რომ ჩვენ აქ არაფერი არ ვართ და სახელმწიფო არ ვართ. როგორც თავად იძახიან, ყველაფერი ვაშინგტონში იწერება და ჩვენ არაფერს გვეკითხებიან. ნარიშკინის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის დაკნინება და ის, რომ აქ კინკლაობა დაიწყებოდა. ამ ხერხს ხშირად მიმართავენ და ჩვენ ეს უნდა გავიგოთ. ამით ჩვენ, ქვეყანას მოგვაყენა შეურაცხყოფა და აქ იმას ვიხილავთ, ვის სასარგებლოდ იყო, „ქართული ოცნების“ თუ ოპოზიციის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ნარიშკინის განცხადების მსგავს გამოხტომებზე მთელ პოლიტიკურ ელიტას ერთი პოზიცია ჰქონდეს. ეს პოზიცია უნდა იყოს – ეს არაა თქვენი საქმე“, – განაცხადა სალუქვაძემ.
როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, დაზვერვის სამსახურები მსგავს ჩახლართულ განცხადებებს იშვიათად აკეთებენ ხოლმე, თუ კონკრეტული მიზნები არ აქვთ.
„მე საკმაოდ დიდი ხანი, წლების განმავლობაში ვიყავი საგარეო დაზვერვაში და კარგად ვიცი ამ სტრუქტურის ფუნქციები და ის, თუ როგორ მუშაობენ. ისინი მსგავს ჩახლართულ განცხადებებს იშვიათად აკეთებენ ხოლმე, თუ კონკრეტული მიზნები არ აქვთ. ეს მათი სპეციფიკა არ არის, რადგან დაზვერვის ამოცანა მოპოვებული ინფორმაციების გაანალიზება, შეფასებების გაკეთება და ხელისუფლებისთვის მიწოდებაა. ესაა მთავარი ამოცანა და თუ მთელი „ჩორტები“ აქ გამოყარა, რაც ნაფიქრი აქვთ, მაშინ მათ მუშაობას რა აზრი აქვს?!“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისი თქმით, მთელი პოლიტიკური სპექტრი ორ მთავარ საკითხზე უნდა შეთანხმდეს.
„ეს არის დეოკუპაცია და დეოკუპაციის სტრატეგია, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ეს არის ჩვენი ევრო-ატლანტიკური კურსი. როცა დავინახავ, რომ პოლიტიკოსები და პარტიები ამ საკითხებში ერთად დგანან, დანარჩენ საკითხებში კი ბატონო, ვიჭიდაოთ. საჭიდაოდ და სადებატოდ ხომ უზარმაზარი სივრცეა?“, – განაცხადა სალუქვაძემ.
სალუქვაძემ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი წითელი ხაზების გადალახვის საშუალება უნდა მისცენ.
„მათ ეს უნდა გააკეთონ, თუ ეს მათი რეალური სურვილია, ორივე მხრიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ორმა დაპირისპირებულმა მხარემ წითელი ხაზები დახაზა. მაგალითად, რა არის მელიას ციხიდან გამოშვება – ეს არის იმის აღიარება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და ამაზე რომელი ხელისუფლება წავა? ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას მელიას გამოსაშვებად გზები მისცეს. თუნდაც გირაო გადაეხადათ. თუ სახელმწიფო გვინდა, ქვეყანაში უნდა აღსრულდეს სასამართლოს ყველაზე მიუღებელი განაჩენიც კი. ასე ხისტად და სპეციალურად არ უნდა მომხდარიყო სამაჯურის მოხსნა – აი, მე ვიხსნი, თქვენ არავინ არ ხართ და ვერ დამიჭერთო. აბა, თავად ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში. ასე ხისტად, რომ მე აგერ ვდგავარ, წითელ ხაზზე, ნაბიჯს არ გადმოვდგამ და შენ წამოდი ჩემკენ შეხვედრაზე, ეს გამორიცხულია, ასე მოლაპარაკება არ იქნება. შემხვედრი ნაბიჯები ორივე მხარემ უნდა გადადგას“, – განაცხადა სალუქვაძემ.
სალუქვაძემ ასევე განაცხადა, რომ ელჩებთან საუბრის თემა იმავე საღამოს ხდებოდა ცნობილი, ასე კი მოლაპარაკებები გამორიცხულია.
„ჩვენ ვხედავდით, რომ ელჩებთან საუბრის თემა იმავე საღამოს ხდებოდა ცნობილი, ზოგს მიტინგზე გამოჰქონდა და ზოგს ტელევიზიით. ვისაც მოლაპარაკებებთან შეხება ჰქონია, თუნდაც, განყოფილების დონეზე, იცის, რომ ასე მოლაპარაკებები გამორიცხულია“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
ამირან სალუქვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის კრიზისია და არა პოლიტიკური კრიზისი.