ამირან სალუქვაძე - გარკვეული ევროდეპუტატები დიდ დროს ახმარენ არა საქართველოს, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს და მიხეილ სააკაშვილს, ერთვებიან ქართულ ტელევიზიებში, რაც დიდ ეჭვს ბადებს
ამირან სალუქვაძე - გარკვეული ევროდეპუტატები დიდ დროს ახმარენ არა საქართველოს, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს და მიხეილ სააკაშვილს, ერთვებიან ქართულ ტელევიზიებში, რაც დიდ ეჭვს ბადებს

ის, რომ გარკვეული ევროდეპუტატები ლამის დილიდან საღამომდე ამ საქმით არიან დაკავებული და მუდმივად ერთვებიან ქართულ ტელევიზიებში, ძალიან დიდ ეჭვს ბადებს, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მე წავიკითხე ერთ დოკუმენტში ეს, რაც ბოლოს, სადღაც 2 000-იან წლებში გაამკაცრეს, რომ თუ შენ შენი დროის 20%-ზე მეტს გარკვეულ საკითხებს უთმობ, ესე იგი, ლობიზმით ხარ დაკავებული. მე ვთვლი, რომ გარკვეული ევროდეპუტატები ძალიან დიდ დროს ახმარენ არა მთლიანად საქართველოს, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს და კონკრეტულ სუბიექტს, მიხეილ სააკაშვილს. ჩემი აზრით, მათ სხვა საქმეებიც უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე პიარკამპანიით სააკაშვილის ლობისტები საერთაშორისო საზოგადოების აზრის შექმნას ცდილობენ.

„ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელი ის კი არ არის, რომ პოლიტიკური პირი, რომელიმე სუბიექტი, სააკაშვილი იქნება ეს თუ სხვა, საკუთარი უფლებების დაცვით თუ თავის გათავისუფლებით არის დაკავებული და ამისთვის მილიონს ხარჯავს, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამით ქვეყნის რეპუტაცია ზიანდება. მთელი საერთაშორისო მედია, წამყვანი სააგენტოები რომ წერენ, საქართველოში მესამე პრეზიდენტს კლავენო, ეს არის ქვეყნისთვის ჩირქის მოცხება და დამაზიანებელი“, – განაცხადა სალუქვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა ხელისუფლების გზავნილს, რომ ამბები, რომლის გავრცელებაშიც ფულია გადახდილი, არ შეიძლება, რეალისტურად ჩაითვალოს და საზოგადოებას ამაზე ერთგვარი რეაქცია ჰქონდეს, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიებს არ აინტერესებთ, საქართველოში რას ფიქრობს საზოგადოება და ხელისუფლებაც სწორედ ამას ამბობს.

„ლობისტური კომპანიების საქმიანობას ეს ახასიათებს. მათ არ აინტერესებთ, აქ ჩვენ რას ვფიქრობთ. ამიტომ საუბრობს ხელისუფლება ამაზე, რომ ამაში ფულია გადახდილი. მუშაობს ლობისტური კომპანია, რომელსაც სიმართლის დადგენა, გამოძიება და რეალური დიაგნოზი კი არ აინტერესებს, არამედ ქვეყნის გარეთ, პირველ რიგში, აშშ-ში, შემდეგ კი ევროკავშირში ისეთი ინფორმაციის გატანა აქვს მიზნად, რომელიც მსოფლიო ლიდერებში ჩამოაყალიბებს აზრს, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტს კლავენ. აი, ეს არის მიზანი“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს გიული ალასანიას განცხადებებს ლობიზმში გადახდილი მილიონი დოლარის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ამირან სალუქვაძემ აღნიშნა, რომ ეს განცხადებები არასერიოზულია და თანხების წარმომავლობა დეკლარირებული უნდა იყოს, მით უფრო, რომ სააკაშვილს კორუფციასთან ბრძოლაზე ჰქონდა პრეტენზია.

„ეს განცხადებები სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სასაცილოა იმ გაგებით, რომ არასერიოზულია, თორემ, ზოგადად, ღიმილს ნამდვილად არ იწვევს“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა მოინახოს რაღაც მექანიზმები, რათა დადგინდეს, ვის აქვს დაუსაბუთებელი ქონება.

„დღეს კეზერაშვილი და სხვა ჩინოვნიკები რომ არიან, ხომ ვიცით, ვინ რითი მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს ვინ რით სუნთქვას, ვის რა ბიზნესები აქვს და ა.შ. ეს ყველაფერი დასადგენია“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.