ამირან გულუაშვილი - დაცვის მხარეს ნიკანორ მელიასთვის გირაოს გადახდის ვადა აქვს იქამდე, ვიდრე სასამართლო პატიმრობას არ შეუფარდებს, რაც ჯერ კიდევ ბევრ პროცედურას ითვალისწინებს
ამირან გულუაშვილი - დაცვის მხარეს ნიკანორ მელიასთვის გირაოს გადახდის ვადა აქვს იქამდე, ვიდრე სასამართლო პატიმრობას არ შეუფარდებს, რაც ჯერ კიდევ ბევრ პროცედურას ითვალისწინებს

მართალია, გირაოს ვადა ბრალდებულის მხრიდან არის დარღვეული, მაგრამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება ჩვენი თვითმიზანი არ არის. კიდევ ერთხელ ვაძლევთ შესაძლებლობას, მოახდინოს თანხის გადახდა და თანხის გადახდის ვადა დაცვის მხარეს ფაქტობრივად, აქვს მანამ, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას და არ შეუფარდებს მას პატიმრობას, რაც ჯერ კიდევ ბევრ პროცედურას ითვალისწინებს განსახილველად, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე  განაცხადა.

მისივე თქმით, პრიორიტეტია გირაოს პირობის შესრულება და არა ტექნიკური საკითხები.

„გირაოს პირობის შესრულების დროს პრიორიტეტია გირაოს პირობის შესრულება და არა ტექნიკური საკითხები. თუ დადასტურდა ფაქტი იმისა, რომ კანონით დადგენილ ვადაში მოხდა გადახდა, მიუხედავად იმისა, ეს ფაქტი როდის დადასტურდება საბოლოოდ, ბუნებრივია, ჩვენ ამას ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ვერ გამოვიყენებთ და უნდა მივიჩნიოთ, რომ მან პირობა შეასრულა. ისევე, როგორც ზოგადად, გირაოს პირობის შესრულება მისი გადახდის ფორმით გაცილებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნაბიჯია ბრალდებულის მხრიდან, ვიდრე იმ ვადის დარღვევა, რომელიც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ.

მართლმსაჯულების პრიორიტეტია, დაიცვას გირაოს არსებითი პირობები და ეს თანხა განათავსოს, რათა სასამართლო იყოს დარწმუნებული, რომ მართლმსაჯულებას ხელი არ შეეშლება. თუნდაც ეს განხორციელდეს ვადის დარღვევით. კიდევ ერთხელ, იმ 16-თვიანი მონაკვეთის მხედველობაში მიღებით, ამ გარემოებების მხედველობაში მიღებითა და საკითხის პრიორიტეტულად განხილვით გადავწყვიტეთ და გამოვიჩინეთ ლმობიერება (რის გამოც დღეს დაცვის მხარე გვაკრიტიკებს, რატომ არ მოვითხოვეთ პატიმრობა თავდაპირველამდე), რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს თანხის გადახდა, ანგარიშზე შეტანა. მიუხედავად იმისა, კონკრეტულად, რა ვადაში იქნება ის. საჯაროდაც გავავრცელეთ ინფორმაცია, კიდევ ერთხელ მივეცით ერთკვირიანი ვადა. ამით ჩვენ ვთქვით, რომ მართალია, გირაოს ვადა ბრალდებულის მხრიდან არის დარღვეული, მაგრამ მხედველობაში ვიღებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების განხორციელება.

ნიკანორ მელიას დაპატიმრება ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. კიდევ ერთხელ ვაძლევთ შესაძლებლობას, მოახდინოს თანხის გადახდა. გადახდის ვადა დაცვის მხარეს ფაქტობრივად, აქვს მანამ, სანამ სასამართლო არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას და არ შეუფარდებს მას პატიმრობას, რაც განსახილველად ჯერ კიდევ ბევრ პროცედურას ითვალისწინებს“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.