ამირან გაყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა დასვენების დღეებში ტესტირების სიმცირეს უკავშირდება
იზრდება გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, რაც პოზიტივია. 83 პროცენტი გვაქვს, გლობალურად კი ეს პროცენტი არის 69, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შემზღუდველი ღონისძიებების პარალელურად, კორონავირუსზე ტესტირების გაფართოება მნიშვნელოვანია.
„განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, რომ ბინაზე მართვის ძალიან კარგი პილოტი მიმდინარეობს კახეთში ჩვენი თანამემამულის, დათო მრელაშვილის მიერ. მის მიერ გატარებულ სამუშაოებს კახეთის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის ქსელში, თუ ონლაინ როგორ მართავს რეზიდენტებით და უმცროსი ექიმებით 1 300-მდე ადამიანს, ძალზე დადებითი შეფასება ეძლევა.
ორი გზავნილი-თხოვნა მაქვს: პირველი – მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და ინტენსიურად ვატაროთ პირბადე. ტენდენცია გვაქვს კარგი, რომ 55-დან ავედით 65 პროცენტზე, მაგრამ სასურველია, ეს იყოს 95, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირებულთა რაოდენობასა და გადადების მაჩვენებელს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა შემზღუდავ ღონისძიებასთან ერთად, ტესტირების გაფართოებას. ჩვენთვის ასეთი სამინზე არის 20 000. ანუ, ამ ორი თვის განმავლობაში, დეკემბერსა და იანვარში მაქსიმალურად უნდა გავაფართოვოთ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა – როგორც „პისიარის“, ისე ანტიგენზე დამყარებულის, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ შემდეგში შემზღუდველი ღონისძიებების შესამსუბუქებლად, თუ ეს პროცესი გადაწყდა ქევყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა გუშინ ჩატარებული ტესტირების სიმცირეს უკავშირდება.
„შემზღუდველი ღონისძიებების გათვალისწინებით, მოლოდინი მაქვს, რომ ინფიცირების შემთხვევების დიდი ზრდა არ უნდა გვქონდეს ამ კვირის ბოლოს, ანუ გარკვეულწილად უნდა დასტაბილურდეს ზრდის მაჩვენებელი. დღეს რეალურად შემცირება გვაქვს, მაგრამ როგორც გითხარით, ეს შემცირება ძირითადად იმის ხარჯზეა, რომ გუშინ გაკეთდა 24 საათში 10 000-მდე ტესტი. თუ ჩვენ 20 000-მდე ტესტი გვექნება, მაშინ გამოვლენა მეტი იქნება, მაგრამ ამ გამოვლენის ზრდის დროს რაოდენობა ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ხარჯზე გაიზრდება. სწორედ მათი იზოლირება მოგვცემს გარკვეულად ამ ჯაჭვის შემსუბუქების საშუალებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.