თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში აღებული 538 ნიმუშიდან, კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში კორონავირუსზე გამოსაკვლევად სამი დღის განმავლობაში სულ 754 პირის ნიმუში აიღეს. მისივე თქმით, 538 ნიმუშის პასუხი უკვე ცნობილია და მათგან ოთხ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის აღება დღეს, რვა საათამდე შეეძლებათ.
„მოგეხსენებათ, ჩვენ პარასკევს, ორშაბათს და სამშაბათს ვაწარმოებდით და დღესაც გრძელდება კორონავირუსზე ტესტირება მიმსვლელებისთვის იუსტიციიის სახლთან, სადაც გაშლილია მაგიდები, ორი ბრიგადა მუშაობს და ტესტის ნიმუშებს იღებენ. ამ სამი დღის განმავლობაში სულ აღებულია 754 პირის ნიმუში, მათგან 538 ნიმუშის კვლევა დღეს დილით დასრულდა, იქედან ოთხი დადებითია. იუსტიციის სახლთან ორი ბრიგადა დღეს რვა საათამდე იმუშავებს და ვისაც გსურთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნიმუში აიღოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.