ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაახლოებით ორ კვირაში, საქართველო კორონავირუსის ნახევარ მილიონ ტესტს მიიღებს
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაახლოებით ორ კვირაში, საქართველო კორონავირუსის ნახევარ მილიონ ტესტს მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო, დაახლოებით ორ კვირაში, კორონავირუსის ნახევარ მილიონ ტესტს მიიღებს. მისივე თქმით, აღნიშნული ტესტები შედეგს 15 წუთში აფიქსირებს.

„კიდევ ნახევარი მილიონი „კოვიდის“ სწრაფი ტესტია შეკვეთილი. თუ გაზაფხულზე ძალიან მაღალი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა სწრაფ ტესტებს, რადგან ბევრ ცრუ დადებით და უარყოფით რეაქციებს იძლეოდა, ახლა უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე ტესტს მისცა ნებართვა გამოყენებაზე. 15 წუთში იძლევა შედეგს. ნახევარი მილიონი ტესტია მსოფლიო ბანკის საშუალებით შეკვეთილი, რომელსაც, ალბათ, ქვეყანა მომავალი ორი კვირის განმავლობაში მიიღებს და რომელიც ერთ-ერთი სადიფერენციაციო საშუალებაა სწრაფი გამოვლენისა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში საწოლების რაოდენობა საკმარისია და ამ ეტაპზე, საველე ჰოსპიტლების განთავსება არ იგეგმება.

„ამ ეტაპზე ქვეყანაში საწოლების რაოდენობა საკმარისია. ამიტომ, იმ ტიპის საველე ჰოსპიტლების განთავსება, რომლებიც ჩინეთში ნახეთ ან კიდევ სხვა ქვეყნებში, ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუმცა ქვეყანას, რა თქმა უნდა, ამის რესურსი აქვს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.