ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადყოფოში ირანიდან ჩამოსულ სამ პაციენტს კვლევები უტარდება
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადყოფოში ირანიდან ჩამოსულ სამ პაციენტს კვლევები უტარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თბილისში, ინფექციურ საავადყოფოში გუშინ ირანიდან ჩამოსული სამი მოქალაქე შეიყვანეს, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.

მისივე ინფორმაციით, სამივე მათგანი ირანის მოქალაქეა.

„დედა და ორი შვილი არიან, რომლებიც ირანიდან ჩამოვიდნენ. ასევე გიდასტურებთ, რომ ირანში სიტუაცია უარესდება კორონავირუსთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში ოფიციალურად დადასტურებულია ლეტალური შემთხვევები. ამიტომაც, ვფიქრობთ, შესაბამისი ზომების გატარებაზე. ამაზე სამინისტრო და შესაბამისი შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ, რადგან ირანი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. არის ინტენსიური მიმოსვლა ირანთან და თუ ირანში ეპიდემიური სიტუაცია გაუარესდა, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული.

რაც შეეხება ამ სამ ადამიანს, ერთ-ერთ მათგანს შემოსვლისას ჰქონდა ტემპერატურა და შესაბამისი სიმპტომები და ამიტომ მოხდა მათი გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. იქ ტარდება შესაბამისი კვლევები. დილით ასევე აღებული იქნება ნაცხი კორონავირუსულ ინფექციაზე და ამის შემდეგ გადაწყდება შემდგომი ტაქტიკა“, – განაცხადა გამყრელიძემ.