ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის სავარაუდო წყაროები საყოფაცხოვრებო ნივთები, სამონადირეო საგნები და ნიადაგია
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის სავარაუდო წყაროები საყოფაცხოვრებო ნივთები, სამონადირეო საგნები და ნიადაგია

ორგანიზმში ტყვიის შემცველობის სავარაუდო წყაროებს შორის საყოფაცხოვრებო ნივთები, ნიადაგი, ასევე სანადირო იარაღი და ტყვიებია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მსგავსი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა იმ 16 ბავშვის ოჯახების შემოწმება, რომელთა სისხლშიც კვლევის შედეგად, ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.

საუბარია „იუნისეფთან“ ერთად ჩატარებულ, რამდენიმეთვიან კვლევაზე, რომლის მიზანიც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა იყო. გამოკვლეული 1578 ბავშვიდან 650 მათგანს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აღმოაჩნდა. მათგან 16-ს კი,  ორგანიზმში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. საუბარია აჭარაში, გურიაში, იმერეთში, გორსა და თბილისში მცხოვრებ ოჯახებზე.

ოჯახების შესწავლის შემდეგ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ტყვია ორგანიზმში შესაძლოა, მოხვედრილიყო სამონადირეო საგნებიდან – იარაღი და ტყვია, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებიდან და ნიადაგიდან.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წყაროების უფრო ზუსტი იდენტიფიცირების მიზნით, დღეიდან კვლევის პროცესში ორი ამერიკელი სპეციალისტი  ჩაერთო. ისინი აღნიშნულ 16 ოჯახში არსებულ სიტუაციას სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლიან. შესწავლის ობიექტები იქნება საყოფაცხოვრებო ნივთები, საღებავები, სათამაშოები, ნიადაგი, ონკანის წყალი, საკვები.

ამერიკელი სპეციალისტების დასკვნა აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე თვიდან სპეციალისტები ყველა ბავშვს გამოიკვლევენ, რომელთა ორგანიზმში ტყვია სხვადასხვა შემცველობით დაფიქსირდა, საუბარია 650 ბავშვზე.