ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით სავარაუდოდ მთავრობას რეკომენდაციას მალე მისცემენ
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით სავარაუდოდ მთავრობას რეკომენდაციას მალე მისცემენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით სავარაუდოდ მთავრობას რეკომენდაციას მალე მისცემენ.

რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტს, მისივე თქმით,  მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ჯერ კიდევ სერიოზული ვითარებაა.

„აბსოლუტურად დაცული ჩვენ არავინ არ ვართ. ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს. ახლა ჩაკეტილია ბოლნისის ორი სოფელი და თეთრიწყარო ჯერჯერობით კიდევ ისეა. თეთრიწყაროსთან დაკავშირებით ალბათ მალე იქნება რეკომენდაციები, რადგან იქ სიტუაცია ოდნავ სხვა იყო. იქაც საკმაოდ ბევრი ადამიანი იქნა გამოკვლეული, უკვე დიდი ხანია, ახალი შემთხვევა აღარ გვქონია და ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო.

რაც შეეხება ამ ორ სოფელს, იქ მდგომარეობა სერიოზულია. ჩვენ ეს ხალხი პირველ რიგში უნდა გამოვაჯანმრთელოთ, ვინც გადავიყვანეთ და საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა გადავიყავნეთ ამ სოფლებიდან. ასევე თუ ვინმეს იქ კიდევ რამე სიმპტომი გამოუჩნდა, მაშინვე იზოლირებული უნდა იყოს და შემდეგ დიაგნოსტიკა ჩაუტარდეს.

ამიტომ ხდება სწორედ იგივე სხვადასხვა ცვლილებები,  რაზეც ახლა დიდი მსჯელობაა პარლამენტში, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში უფრო დეტალურად გაიწეროს ის, რომ მეტი მოქნილობა და ოპერატიულობა მიეცეს მთავრობას, მიიღოს ასეთი მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, რადგან ყოველთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მთელ ტერიტორიაზე ვერ გამოცხადდება, ეს ძალიან ბევრ, მძიმე შეზღუდვებთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობას უნდა ჰქონდეს უფლება, საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული მოკლევადიანი შემზღუდველი ღონისძიებები დააწესოს.

„სწორედ იმიტომ, რომ დღეს ვთქვათ ნაკლებად შემოვიდეს ინფექცია დასენიანებული ადგილებიდან „სუფთა“ ანუ მწვანე რეგიონებში და ფართომასშტაბიანი ეპიდემია თავიდან ავიცილოთ ხოლმე“,- განაცხადა გამყრელიძემ.