ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, საკლასო ოთახებში სწავლა განახლდეს იმ სკოლებში, რომელთა პერსონალის 80 პროცენტი იქნება აცრილი
სკოლები, რომელთა პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება, შესაძლოა, წახალისებული იყოს და იქ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, რომელიც ორი კვირის წინა პერიოდს მოიცავს, სკოლის პედაგოგების 30% აცრილია, თუმცა განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ეს მაჩვენებელი 40%-მდეა გაზრდილი.
„ჩვენი მონაცემი ორი კვირის წინანდელია და გასაგებია, რომ ორი კვირის განმავლობაში შეიძლება შეიცვალა და კარგია, თუ ეს შეიცვალა. სკოლებს იმ შემთხვევაში ვუწოდებდით უსაფრთხოს, თუ აცრილი იქნება 80% მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ. ამიტომ იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია და პირიქით – უნდა წავახალისოთ, რომ დაიწყოს დასწრებული სწავლება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ იქნება, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვერ გასცემს.