ამირან გამყრელიძე - ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ბათუმი, სადაც გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს, ხუთ შემთხვევაზე ტარდება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა
ახლა ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ბათუმი, ხუთ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 27 მილიონს გადააჭარბა ზოგადად ინფიცირებულთა რაოდენობამ.
„ყოველდღიური მაჩვენებელი მერყეობს 250-დან 300 ათასამდე. გუშინ იყო პიკი, თითქმის სამასი ათასს მიუახლოვდა. ასევე დაძაბულია სიტუაცია რეგიონში, ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში დილის მონაცემებით, არის 1650 დადასტურებული შემთხვევა.
„დილის 09:00 საათისთვის გვაქვს 29 ახალი შემთხვევა. აქედან ორი მიეკუთვნება „დონას“ კლასტერს, ერთი არის რუსთავის „ავერსის“ ამბულატორიის კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევა. ხუთი გახლავთ ადრე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები. ორი არის იმპორტირებული საკარანტინო სივრცეებიდან. ერთი არის არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, კერძოდ, აფხაზეთიდან გადმოყვანილი, რუხის საავადმყოფოში მოთავსებული. 13 გახლავთ ეპიდკერებში მოგზაურობის ისტორიით, ანუ ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურა ბათუმში, ქობულეთში. ძირითადად, ახლა ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ბათუმი, ხუთ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. იქ ერთი ოჯახური შემთხვევაა, ორი ადამიანია და მათზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გუშინ ქვეყნაში კვლევის მასშტაბი საკმაოდ გაფართოვდა.
„7079 პისიარტესტირება ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 1500-მდე სწრაფი ტესტი ჩატარდა. ჩვენ დღეს კარანტინში გვყავს 6080 ადამიანი. 1310 არის გამოჯანმრთელებული, რაც 80 პროცენტია საერთო მაჩვენებლის და სიკვდილი 19-ია. ეს არის 1,15 პროცენტი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმი, სადაც ინტენსიური, გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს, თუმცა, ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინ საღამოსთვის მაჩვენებლები შემცირდა.
„გაჩნდა ტენდენცია შემცირებისა ბულვარის კარვებში, 600-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული. ხუთ პოლიკლინიკაში გვაქვს კვლევები ბათუმში. ყურადღებას იპყრობს რუსთავის პოლიკლინიკასთან დაკავშირებული „ავერსის“ კლასტერი. როგორც გითხარით, ერთი შემოგვემატა გუშინ და ასევე, მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა ამაში განგაშის საფუძველი არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევები ასევე დაფიქსირდა გურიაში.
„სამი გვქონდა გუშინ და დღეს დილით კიდევ ერთი დაემატა. იქ გაფართოებული ეპიდკვლევა დაიწყო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბანში. შემთხვევები დაკავშირებულია დიდ, ფართომასშტაბიან ქორწილთან. ეს მოწოდება ჩვენ რამდენიმეჯერ გავაკეთეთ. ვცხოვრობთ ეპიდემიის პირობებში, აკრძალულია კანონით 100 ადამიანზე მეტის შეკრება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თავი უნდა შევიკავოთ. ეს არის განსაკუთრებით მომატებული რისკი, როდესაც ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, დაცვის გარეშე იკრიბება. კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა ჯობია და რაც მეტი დაქორწინდება, მაგრამ დროებით, მეგობრებო, სანამ ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ ამ დიდი შეკრებებისგან, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ინფექციის შემდგომი გავრცელებისა. დიდი ალბათობით უკავშირდება ამ ქორწილს. არ შეიძლება, ხაზს ვუსვამ“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.