ამირან გამყრელიძე - ყველანაირი პროგნოზით, კორონავირუსული ინფექცია არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც ერთ და არც ხუთ თვეში
ყველანაირი პროგნოზით, კორონავირუსული ინფექცია არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც ერთ და არც ხუთ თვეში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „კოვიდ-19“ სამყაროს გარკვეულ პრობლემებს კიდევ ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში შეუქმნის.
„რეგულაციების შემსუბუქების პროცესში ინფექციის გავრცელების რისკი, ცხადია, იზრდება, მაგრამ ქვეყნები და ეკონომიკები ჩაკეტილი ვერ იქნება. ყველანაირი პროგნოზით, კორონავირუსული ინფექცია არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც ერთ და არც ხუთ თვეში. ის, ალბათ, ჩვენ და მთელ სამყაროს გარკვეულ პრობლემებს კიდევ ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში შეუქმნის, სანამ არ იქნება ეფექტური ვაქცინა და ეფექტური წამალი. ამიტომ ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ძალაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანდათან უნდა გავზარდოთ მობილობა. ამის პარალელურად ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა აუცილებელია. ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს – ყოველდღიურად 10, 15, 20 შემთხვევა – ეს ჯანდაცვის სექტორისთვის დიდი პრობლემა არ გახლავთ და ამ შემთხვევებს საკმაოდ კარგად მართავს. დაახლოებით, ამ ჩარჩოში უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი