ამირან გამყრელიძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა
ამირან გამყრელიძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს და სამედიცინო დახმარებას ჰოსპიტალურ სექტორში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს დაახლოებით 16-დან 17 ათასამდე საწოლი, ამ საწოლფონდიდან დღეს მობილიზებულია რვა ათასი საწოლი კოვიდისთვის, ასევე არის ე.წ. ხელუხლებელ საწოლთა ფონდი, რომელსაც ვერ შეეხები და ვერ გადააკეთებ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ფსიქიატრიული საწოლები, სამეანო საწოლები და ასევე საწოლები, რომლებიც დაკავშირებულია გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასთან.

„მოგეხსენებათ, რომ შეჩერებულია დღეს ყოველგვარი გეგმიური სამედიცინო დახმარება, გეგმიური ოპერაციები, საავადმყოფოები მუშაობენ ძირითადად ურგენტზე და ამიტომ, მაქსიმალურად ხდება მობილიზება საწოლფონდისა და ამაზე სამინისტრო მუშაობს. ყოველდღიურად, როდესაც გვაქვს ხუთი ათასი შემთხვევა, იქიდან საავადმყოფო დახმარება სჭირდება 5-10, შეიძლება 12%-ს მაინც. მართალია, საავადმყოფოებიდან ავადმყოფთა გაწერის ინტენსიურობა მეტია და მათი გადაყვანა შემდეგ სასტუმროებში, თერაპიულ საწოლებზე, მაგრამ დატვირთვა სერიოზულია. განიხილება ყველა ვარიანტი და დღესაც იყო ამაზე მსჯელობა. განიხილება ყველა ვარიანტი დაწყებული საველე ჰოსპიტალიდან, სადაც შედარებით ნაკლები პერსონალით შეიძლება უფრო დიდი რაოდენობა ადამიანების მომსახურეობა. ისევე, როგორც სამხედრო ექიმების და სამედიცინო სამხედრო სამსახურის ჩართვა და კიდევ სხვა ვერსიები, რადგან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა. ამიტომ, ყველა ვერსია, მათ შორის უარესი ვერსიებიც, განიხილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.