ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ სერვერებზე შეფერხებების გამო, კორონავირუსის დღევანდელ სტატისტიკაში ყველა შემთხვევა ვერ მოხვდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენცია გრძელდება.
გამყრელიძის თქმით, ეპიდვითარება ნელი ტემპით, თუმცა უმჯობესდება.
ამასთან, გამყრელიძემ განმარტა, რომ კორონავირუსის დღევანდელი, 1 965 შემთხვევა არ არის რეალური ციფრი, ვინაიდან გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს მათ შორის კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს, რის გამოც გუშინდელი ყველა შედეგი არ არის ატვირთული.
„დღევანდელი – 1 965 ახალი შემთხვევა არ არის რეალური ციფრი. დღეს ჩვენი პროგნოზით ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო კლება. წინა სამშაბათთან შედარებით, დაახლოებით კვირის განმავლობაში 700, 800, 900 შემთხვევით გვაქვს კლება. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს პროგნოზირება მთელი თვის განმავლობაში. წინა კვირაში გვქონდა 4 700-ის ფარგლებში, დღეს ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო 3 500-3 700-ის ფარგლებში. არის 1 965 შემთხვევა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენს რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციის, კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო გუშინდელი ყველა შედეგი პორტალზე არ არის ატვირთული. ეს შედეგები ალბათ დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ, როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა. მოგეხსენებათ, როდესაც შაბათ-კვირას შედარებით ნაკლებია ინტენსივობა, სამშაბათს გვაქვს ხოლმე მატება. თუმცა, თუ ეს მართალია, ნეტავ ვცდებოდე და მართლაც გვაქვს დღეს 1 965 შემთხვევა, ნიშნავს, რომ ძალიან კარგია და ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ სწრაფი ტემპით მოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველა ძირითადი ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება.
„ვაკვირდებით სამ ძირითად ინდიკატორს, ეს არის ინციდენტობა, ანუ ყოველდღიური, ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი და რეპროდუქციის ინდექსი – რეპროდუქციის ინდექსი ჩამოსულია სერიოზულად, 0.78-ია უკვე. ბოლო ორი კვირაა უკვე ერთის ქვემოთ გვაქვს რეპროდუქციის ინდექსი. ასევე, კარგია, რომ დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 7 პროცენტის ფარგლებში და ბოლო 7-14 დღის განმავლობაში ის ჩამოსცილდა 9 პროცენტს. ანუ ყველა ეს ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება. რაც შეეხება ყველაზე მძიმე ინდიკატორს – სიკვდილიანობას, მოგეხსენებათ, არის 50 შემთხვევა, გუშინ იყო 60-ის ფარგლებში, იმის წინ 70-ის, ანუ ამ ყველაზე მძიმე ინდიკატორშიც გამოჩნდა შემცირების ტენდენცია, რაც ძალიან კარგია. თუმცა საავადმყოფოებში ჯერჯერობით რჩება 1 500-მდე მძიმე ავადმყოფი, მათ შორის 400-მდე ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.