ამირან გამყრელიძე - წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, მეტი რეინფიცირების უნარი აქვს, მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია, ამაზე ჯერ დაკვირვებაა საჭირო
რამდენიმე სამხრეთ აფრიკული ქვეყნიდან შემოსულ პირებს ან სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში მგზავრობის ისტორია ჰქონდათ, ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულო კარანტინი ექნებათ 14 დღე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში შემოსვლისთვის ასევე აუცილებელი იქნება, პისიარტესტი იყოს ნეგატიური.
„14 დღე უნდა იყვნენ კარანტინში, კარანტინიდან გათავისუფლებაც იქნება მათთვის მხოლოდ, მაშინ როდესაც პისიარტესტი იქნება უარყოფითი. რაც შეეხება ახალ შტამს, ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ის, რასაც აქვეყნებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. თითოეული ეს უწყება მიიჩნევს, რომ ეს არის საკმაოდ შემაშფოთებელი და პირველივე დღიდან მიანიჭეს მას ეს სახელწოდება. წინასწარი მონაცემებით, ის უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო მეტი რეინფიცირების უნარი აქვს, მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია შტამი, რამდენად მძიმე დაავადებებს იწვევს, რამდენად უფრო მაღალ სიკვდილიანობას იწვევს, ამაზე ჯერ უნდა იყოს დაკვირვება. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ფარავენ დღევანდელი მოქმედი ვაქცინები ამ შტამს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში შემოსვლისას რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე რეგულაციები წესდება.