ამირან გამყრელიძე - ვმუშაობთ დიზაინზე, რომ დიდ ქალაქებში მასობრივი აცრების ცენტრები შეიქმნას
ხვალ იმუნიზაციის საბჭოზე განიხილება საკითხი, რომ ყველა კლინიკის, ჰოსპიტლისთვის პირობებში შევიდეს ცვლილებები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ დიზაინზე, რომ დიდ ქალაქებში მასობრივი აცრების ცენტრები შეიქმნას.
„მოგეხსნებათ, ბავშვთა იმუნიზაციას ვაწარმოებთ ძირითადად ამბულატორიულ დაწესებულებებში. კოვიდვაქცინებს კი, განსხვავებით რუტინული ანუ კალენდარული ვაქცინებისგან, გვერდითი მოქმედებების ალბათობა მეტი აქვთ. მხედველობაში მაქვს ტემპერატურის მომატება, კუნთების, სახსრების ტკივილი და ასე შემდეგ. ამიტომ ისინი ტარდება ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, ეს გაფართოვდება.
გარდა ამისა, ვმუშაობთ დიზაინზე ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რათა დიდ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი მასობრივი აცრების ცენტრები შეიქმნას. გამტარუნარიანობა დღეში თითოეულის ორი, სამი, ოთხი ათასი აცრა იქნება. ეს შესაძლებელი გახდება, როდესაც ვაქცინების შესაბამისი რაოდენობა გვექნება მარაგში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.