ამირან გამყრელიძე - ვინც მიდის აცრაზე, უტარდება გამოკითხვა, რომლის საშუალებითაც ექიმს შეუძლია, აიღოს ორიენტაცია ალერგიულობის მომატებული რისკის შესახებ
კოვიდის აცრასთან დაკავშირებით შექმნილი იყო და არის სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ონლაინ, ასევე დასწრებული ტრენინგები აქვს გავლილი ყველა დაწესებულებას, სადაც მიმდინარეობდა ვაქცინაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ზოგადად, იმუნიზაციის პროცესში ტრენინგები ყოველწლიურად ტარდება იმუნიზაციის პროცესის განმახორციელებლებთან. ქვეყანაში არის 350-მდე დაწესებულება, სადაც იცრებიან ჩვენი ბავშვები და მოზრდილები. ამიტომ, ყოველწლიურად ეს ხალხი ეგრეთ წოდებულ განახლებას გადის. რაც შეეხება კოვიდის აცრას, ამასთან დაკავშირებით შექმნილი იყო და არის სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ონლაინ, ასევე დასწრებული ტრენინგები აქვს გავლილი ყველა დაწესებულებას, სადაც მიმდინარეობდა ვაქცინაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც გამყრელიძე განმარტავს, ალერგიულ რეაქციებზე გამოკვლევა არ ტარდება, თუმცა ანაფილაქსიის დიაგნოსტიკის და მართვის სპეციალური გაიდლაინი არსებობს. გამყრელიძე ამბობს, რომ ასევე დამტკიცებულია ეგრეთ წოდებული კითხვარი და ყველა ადამიანს, ვინც მიდის აცრაზე, გამოკითხვა უტარდება.
გამყრელიძის თქმით, სწორედ ამ კითხვების საშუალებით ექიმს შეუძლია, აიღოს ორიენტაცია, რომ შესაძლებელია, იყოს მომატებული რისკი ალერგიულობის. თუმცა, გამყრელიძის ინფორმაციით, ყველა სახის ალერგია აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის.
„ალერგიულ რეაქციებზე გამოკვლევა არ ტარდება. კოვიდზე ამცრელ კაბინეტში ყველგან მუშაობს სამი ადამიანი, ამცრელი, ვინც უშუალოდ ინექციას აკეთებს, რეგისტრატორი, ვისაც ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს აცრამდე და აცრის შემდეგ მონაცემები და ექიმი. ექიმს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები, მათ შორის ანაფილაქსიებზე. მაია გოთუას და ბიძინა კულუმბეგოვის მიერ მომზადებულია და სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებულია სპეციალური გაიდლაინი ანაფილაქსიის დიაგნოსტიკის და მართვის. იქვე დამტკიცებულია ეგრეთ წოდებული კითხვარი. ამ კითხვარის საშუალებით, ყველა ადამიანს, ვინც მიდის აცრაზე, უტარდება გამოკითხვა. აქ არის ისეთი კითხვები, რომლის საშუალებითაც ექიმს შეუძლია, აიღოს ორიენტაცია, რომ შესაძლებელია, იყოს მომატებული რისკი ალერგიულობის, მაგრამ ყველა ალერგია აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ამ გაიდლაინში არის მწვანე შუქნიშანი, როდესაც შესაძლოა, ალერგია გქონდეს, მაგრამ აიცრა. ყვითელი, როდესაც ფრთხილად უნდა იყო და წითელი, როცა აცრა წინააღმდეგ მაჩვენებელია. ამის მიხედვით, ექიმი გადაამისამართებს დამატებითი კონსულტაციებისთვის იმ ადამიანთან, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს და ადამიანის აცრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება. ასეთია პროცედურა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.