ამირან გამყრელიძე - ვიაროთ ფეხით და ტრანსპორტი დავუთმოთ ჩემი თაობის, ხანდაზმულ ადამიანებს
ამირან გამყრელიძე - ვიაროთ ფეხით და ტრანსპორტი დავუთმოთ ჩემი თაობის, ხანდაზმულ ადამიანებს

სამწუხაროდ, საზოგადოება არ ემორჩილება ამ რეგულაციებს. საქალაქთაშორისო ტრანსპორტში პირბადეს რატომღაც არ ატარებენ ყოველთვის, ასევე – სამარშრუტო ტაქსებში, ავტობუსებში გვქონდა გადატვირთვის შემთხვევები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საუბარი არ არის რეგულაციების გამკაცრებაზე, საუბარია მოწოდებაზე, რომ დაწესებული რეგულაციები შესრულდეს და თუ არ სრულდება, შესაბამისი საჯარიმო სანქციები უფრო ქმედითად ამუშავდეს.

„რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, რომ უნდა დავემორჩილოთ დაწესებულ რეგულაციებს. საუბარია მოწოდებაზე, რომ რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია, აღვასრულოთ და თუ არ სრულდება, შესაბამისი საჯარიმო სანქციები უფრო ქმედითად ამოქმედდეს, იმავე რესტორნებთან და კაფე-ბარებთან მიმართებაში, სადაც არ იცავენ რეგულაციებს. იცით, რომ ყველა ბიზნესს დაუწესდა გარკვეული რეგულაციები.

სამწუხაროდ, არ ვემორჩილებით, საზოგადოება არ ემორჩილება ამ რეგულაციებს. ვიაროთ ფეხით და ტრანსპორტი დავუთმოთ ჩემი თაობის ადამიანებს, რომლებიც ასაკში არიან, ხანდაზმულები არიან. კარგია, რომ პირბადე უკვე ყველას გვიკეთია თანდათან საჯარო დაწესებულებებში, მეტროში, მაგრამ ყველგან არ იცავენ ამ წესს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში პირბადეს რატომღაც არ ატარებენ ყოველთვის, ასევე – სამარშრუტო ტაქსებში. ამავე დროს, ავტობუსებში გვქონდა გადატვირთვის, გადაჭედვის შემთხვევები. პირბადეს სერიოზული დამცველობითი უნარი აქვს, მაგრამ როცა ძალიან ახლოს ვართ და დისტანციას არ ვიცავთ, გადადების რისკი იზრდება.

შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ინფექცია ბრუნავს, ვირუსი ცირკულირებს ჩვენ ირგვლივ“, – განაცხადა გამყრელიძემ.