ამირან გამყრელიძე - ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს მთლიანად საზოგადოებისთვისაა, რადგან ჩვენი, ყველას ძირითადი მიზანი არის მოსახლეობის ჯანმრთელობა
ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან ეკლესიისა და ჩვენი, ყველას ძირითადი მიზანია, მოსახლეობის ჯანმრთელობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან უპასუხა მედიის კითხვას, რომლის თანახმადაც, „აპრილში ელოდებით კორონავირუსის გავრცელების პიკს და ეკლესია ისევ არ ცვლის წესს, როგორია თქვენი მოწოდება, ხედავთ თუ არა საფრთხეს საეკლესიო დღესასწაულების ტრადიციული წესით ჩატარებაში“.
„მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესიამ და საპატრიარქომ ამ პერიოდში გააკეთეს ორი მნიშვნელოვანი განცხადება, სადაც მათ მოუწოდეს მრევლს და იქ იყო ძალიან ბევრი ის რეკომენდაცია გათვალისწინებული, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სფერო და მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ამიტომ, მოდით, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია თქვენ იცით, ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, ბევრი ადამიანის ერთად თავშეყრა აკრძალულია. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან ეკლესიისა და ჩვენი, ყველას ძირითადი მიზანია, მოსახლოება იყოს ჯანმრთელი“ , – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.