ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ საქართველო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 50 000 დოზას სექტემბრიდან მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საკმარისი მარაგები არსებობს და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ამავე დროს, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში არსებულ ცნობილ ვაქცინებთან ერთად, შესაძლოა, სექტემბრიდან ქვეყანას ჰქონდეს „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა, რომელიც ერთჯერადად კეთდება.
„იცით, რომ ქვეყანამ ვიყიდეთ მილიონი დოზა „ფაიზერი“, ნახევარი მილიონი არის აშშ-ის მთავრობის დონაცია, ანუ ჯამში მილიონ ნახევარი. ამავე დროს, ნაყიდია „სინოფარმის“ 600 000 დოზა, „ნაყიდია „სინოვაკის“ მილიონი დოზა, რომელიც დევს ჩვენთან, 100 000 დოზა „სინოვაკი“ ასევე ჩინეთის მთავრობამ გვაჩუქა. გარდა ამისა, „კოვაქსიდან“ შემოსულია 29 000 დოზა „ფაიზერი“ მარტის ბოლოს და 140 000 დოზამდე „ასტრაზენეკა“. სექტემბრიდან ალბათ 50 000 დოზა გერმანიის მთავრობის დახმარება იქნება ჯონსონ ჯონსონი, რომელიც ერტჯერადად კეთდება. ჩემი გათვლებით, აგვისტოში დავხარჯავთ სადღაც ნახევარ მილიონ „ფაიზერს“. ამ თვის ბოლომდე უნდა შემოვიდეს სრულად „ფაიზერი“. მილიონი დოზით შევხვდებით სექტემბერს. მილიონი დოზა „ფაიზერიდამ“ დაახლოებით 200-300 000 იქნება მეორე დოზებისთვის, ვინც უკვე აცრილია და დაახლოებით 300-350 000 ადამიანი სექტემბერში დამატებით შეგვიძლია ორჯერადად ავცრათ. ამიტომ, გთხოვთ მეტ აქტივობას, სექტემბერში მილიონ დოზას თუ გავაკეთებთ, ანუ 500 000 ადამიანს ავცრით, სექტემბრის ბოლოს სერიოზულად გავტხევათ წელში პანდემიას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.