ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის შეჩერება ადვილია, მაგრამ რას ვეუბნებით ადამიანებს, როდესაც ქვეყანაში კოვიდის გამო ყოველდღიური სიკვდილიანობა გვაქვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალება ძალიან მძიმე შემთხვევაა, მაგრამ კოვიდთან ბრძოლის გზაზე ვაქცინაციაზე მეტად ეფექტური საშუალება არ არსებობს.
მისივე თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანია უნდა გაფართოვდეს. გამყრელიძემ ამ კუთხით მედიას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.
„გუშინდელი შემთხვევა გამიგებთ, რომ ძალიან მძიმე დაღია თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს ზოგადად, მედიცინაში არის, განსაკუთრებით კი კოვიდთან ბრძოლის პროცესში მყოფი ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ემოციურად ძალიან მძიმეა, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ცივი გონებით აწონით, შეხედავთ, რომ საზოგადოებაში პოპულაციურ იმუნიტეტს მხოლოდ მასობრივი იმუნიზაცია ქმნის. დღეს კოვიდთან ბრძოლის დასრულება, ვიდრე 60-70-პროცენტიანი იმუნური ფენა არ ჩამოყალიბდება, ვერ იქნება.
გუშინ ძალიან რთული იყო საბჭოზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება, შეჩერებულიყო თუ გაგრძელებულიყო იმუნიზაცია. შეჩერება ყოველთვის ადვილია, მაგრამ შემდეგ რას ვეუბნებით ადამიანებს, როდესაც ყოველდღიური სიკვდილიანობა გვაქვს კოვიდის გამო. ხშირად ეს არის ჩვენი, სამედიცინო მუშაკების ხვედრი, შენ შეიძლება დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება. ეს ძალიან მძიმე ფაქტია, განსაკუთრებით ოჯახისთვის, ასევე იმ მხარისთვის, სადაც გოგონა მოღვაწეობდა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ ქვეყანაში იმუნიზაცია არ გაგრძელდეს, არ არის. უნდა გაგრძელდეს და თქვენ უნდა გთხოვოთ, რომ ამ კამპანიაში კიდევ მეტად, ფართოდ ჩაერთოთ. რაც მეტი აიცრება ქვეყანაში, მეტად დაზღვეული იქნება საზოგადოება, რომ ახალი ფატალური შედეგები არ გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.