ამირან გამყრელიძე - ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს​ და ქვეყანაში ეპიდემია დასრულდეს
ამირან გამყრელიძე - ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს​ და ქვეყანაში ეპიდემია დასრულდეს

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გახლავთ ის, რამაც უნდა დაამთავროს კოვიდეპიდემია ქვეყანაში. მიუხედავად ძალიან სამწუხარო და მძიმე ფაქტისა, რაც ქვეყანაში მოხდა გასულ კვირას, ვაქცინაციის შემდგომი გართულებით დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გამყრელიძე მადლობას უხდის იმ მედიკოსებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ.

„თვითონ მეგიმ მოუწოდა აცრის შემდგომ მოსახლეობას და კოლეგებს, რომ აცრილიყვნენ. ამიტომ, ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კოლეგას, რომელიც ამ მძიმე გართულების შემდეგ გუშინ და გუშინწინ მივიდნენ და მოიხადეს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და აიცრნენ. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ჩემს კოლეგებს, მიუხედავად ამ მძიმე სიტუაციისა, რაც განვითარდა მთლიანად ქვეყანაში, ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. მინდა კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვუცხადო მეგის ოჯახს, მთლიანად სამედიცინო თემს და ქვეყანას. ვაქცინაციამ უნდა დაასრულოს ყოველდღიური გარდაცვალებები „კოვიდით“, ვაქცინაციამ უნდა დაასრულოს ეპიდემია ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.