ამირან გამყრელიძე - ტრაგიკული ფაქტის მიუხედავად, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, მეტი მუშაობა გვმართებს, რათა მოტივაცია გაჩნდეს
ამირან გამყრელიძე - ტრაგიკული ფაქტის მიუხედავად, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, მეტი მუშაობა გვმართებს, რათა მოტივაცია გაჩნდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლოებას აუცილებელი რეკომენდაცების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მისივე თქმით, მხოლოდ რეკომენდაციების დაცვა პანდემიას ვერ დაამარცხებს. როგორც გამყრელიძე ამბობს, პანდემიის დამარცხების გზაზე ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს.

„დიდი მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე,  დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს. თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით, მესამე ტალღას ავცდებით. თუ ჩვენ გვექნა ტედენდენცია შემთხვევების ზრდის, ანუ ეპიდვითარება თუ გაუარესდება, მაშინ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს  და ამის შემდეგ ვიფიქროთ სხვა საკითხებზე.

პირბადის ტარების მაჩვენებელი მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, რისკენაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ. დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დამუშავება, სანიტარიზაცია და შესაბამისად, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება. ამას ემატება გააქტიურება ვაქცინაციის. ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოში ტრაგიკული ფაქტიც გვაქვს. ეს ყველაფერი  უკიდურესად მძიმეა, მაგრამ როდესაც ცივი გონებით აწონი, რა თქმა უნდა, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. პანდემიის დამარცხების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციაზე. მეტი მუშაობა გვმართებს, რომ მოტივაცია გაჩნდეს ვაქცინირებულთათვის. ამის გარეშე ეპიდემია არ გაჩერდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.