ამირან გამყრელიძე - სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი თუ დაგვიყენებს საკითხს, რომ სჭირდებათ დახმარება, ამისთვის მზად ვართ
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი თუ ჩვენ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რაიმე დახმარება, ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შედის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველო და სომხეთი მოძმე ერები არიან და ერთმანეთს ყოველთვის მხარში უდგანან.
კითხვაზე, ხომ არ განიხილება რამე ტიპის დახმარება საქართველოს მხრიდან და შეგვიძლია თუ არა, მივიღოთ სომხეთის მოქალაქე პაციენტები, ისევე როგორ გერმანია იღებდა პაციენტებს კრიტიკულ ფაზაში, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა:
„იცით, რომ ამ ერთი კვირის წინ იყო პატარა გაუგებრობა. ჩვენ მოძმე ერები ვართ, ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგევართ და კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ხშირად გაგვიცვლია სხვადასხვა საშუალებები ვაქცინები და ა.შ. როცა ჩვენ გვჭირდებოდა, ან როცა მათ ჩვენგან სჭირდებოდათ. ორი თუ სამი წლის წინ სერიოზული დახმარება იყო ცე ჰეპატიტის წამლით. თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჩვენ დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რაიმე დახმარება, ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან კიდევ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ. რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, თუ სომხეთს დღეს ეს დახმარება სჭირდება, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე უარს კი არა, პირიქით, ყველა ღონეს იხმარს. პირველ რიგში, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააყენოს ეს საკითხი და მაშინ დარწმუნებული ვარ, საქართველო სიამოვნებით მიიღებს. მოგეხსენებათ, ქართველები იყვნენ პირველები, რომლებიც სპიტაკის მიწისძვრის დროს ჩავიდნენ სპიტაკში სხვა ერებს შორის. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.