ამირან გამყრელიძე - „სინოფარმი“ არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა
„სინოფარმი“ არის ტრადიციულ, ინაქტივირებულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინა გამოიყენება როგორც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ისე სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში და ასევე, ევროპაში.
„ჩინეთის გარდა, „სინოფარმის“ ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. ვაქცინა ასევე ნაყიდი აქვს სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანას – ბრაზილიას, ჩილეს. ევროპის ქვეყნებიდან ძალიან მაღალი აქტივობით იყენებს უნგრეთი, სერბეთი და დაახლოებით 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს. ასე რომ, „სინოფარმი“ არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული, ანუ ინაქტივირებულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა.
მოგეხსენებათ, ჩინეთს დღეს აქვს ხუთამდე ვაქცინა. აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორი – „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობა ასევე საქართველოს გადასცემს უსასყიდლოდ „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. მაგალითად, თურქეთში, უკვე დაახლოებით 15 მლნ დოზა, ხოლო აზერბაიჯანში დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა გამოყენებული. მასაც ფართო მოხმარება აქვს. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.