ამირან გამყრელიძე -  შეზღუდვების სრულად შემსუბუქება ჯერჯერობით დაუშვებელია
ამირან გამყრელიძე -  შეზღუდვების სრულად შემსუბუქება ჯერჯერობით დაუშვებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, საკოორდინაციო საბჭომ რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქების შესახებ.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ეპიდვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის განწყობის გათვალისწინებაც. სწორედ ამიტომ, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებასთან დაკავშირებით ოქროს შუალედის მოძებნა შეძლეს.

„გარკვეულ შემსუბუქებებს რამდენიმე ფაქტორს ვუკავშირებთ. როგორც ჩვენი მონაცემებით, ისე ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს. გარკვეულად, დაღმავალ ფერდზე გავდივართ. მეორე, საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა ღამის კარანტინთან დაკავშირებით, მით უმეტეს მაისში, როცა უკვე სერიოზულად დათბა. ამიტომ, აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. ჯერჯერობით სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ვიდრე ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გათვალისწინება მოსახლეობის განწყობის. ამიტომ ოქროს შუალედი მოიძებნა, შემცირდა გადაადგილებაზე შეზღუდვის ხანგრძლივობა. ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია იყო, რომ მეტად გამკაცრდეს კონტროლი, მონიტორინგი აღსრულებაზე. ასევე გამკაცრდეს მონიტორინგი იმ რეკომენდაციებზე, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქების შესაბამისად, დღეიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება.

ასევე, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ.