ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების ძირითადი დანიშნულება ვირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერებაა, შედეგი 10-14 დღეში უნდა გამოჩნდეს
ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების ძირითადი დანიშნულება ვირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერებაა, შედეგი 10-14 დღეში უნდა გამოჩნდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების მიზანი პირველ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერებაა.

მისივე თქმით, ვირუსთან ბრძოლა ეფექტური რომ იყოს, სახელმწიფოს, ექიმებისა და მოქალაქეების ერთობლივი მოქმედება მნიშვნელოვანია.

„შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, შევაჩეროთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა. პირველი მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ეს უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში. ერთია შეზღუდვების დაწესება და მეორე მისი აღსრულება. თუ ჩვენ ერთად – სახელმწიფო, ექიმები, საზოგადოება, ისევ ისე მოვიქცევით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით ერთიანი და იყო ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში, დღეს გაცილებით უკეთ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, როგორი ვერაგია ეს დაავადება, როგორ გართულებებს იწვევს, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ამ სამ მთავარ ღერძს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ისევ გვექნება ის დამყოლობა, კარგად გავუგებთ ერთმანეთს, რადგან სიტუაცია უკვე ძალიან რთულია, ამ შემთხვევაში, დიდი იმედია იმისა, რომ აღარ გვექნება ვირუსის სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ სწრაფ ზრდას და შემდეგ თანდათანობით დაიწყებს უკუსვლას. დიდი ალბათობით, სადღაც იანვრის ბოლოსკენ შესაძლებელია, სხვა მაჩვენებლებზე ჩამოვიდეთ, ვთქვათ, იქნება ორჯერ ან უფრო ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.