ამირან გამყრელიძე - შეიძლება, კორონავირუსული ინფექცია გრიპის კლინიკური სურათის ქვეშ დაიმალოს, ამიტომ არის ცხელების ცენტრები აუცილებელი
ცხელების ცენტრების გახსნა მიმართულია იმისკენ, რომ უფრო უკეთ ვაკონტროლოთ კორონავირუსული ინფექციის შიდა გავრცელების შემთხვევები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, მოცემულ პერიოდში სხვა მსგავსი დაავადებებიც არის, მაგალითად გრიპი და მიმართვიანობა ამ კუთხითაც მაღალია.
„მოგეხსენებათ, ამ პერიოდში არის რამდენიმე მსგავსი დაავადების ზედდება. გრიპი ჯერ კიდევ არის და შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯერჯერობით ისევ მაღალ დონეზეა მიმართვიანობაც, ჰოსპიტალიზებაც გრიპის გამო. შეიძლება, გრიპის კლინიკური სურათის ქვეშ დაიმალოს კორონავირუსული ინფექცია. ასევე, ამ დროს იწყება უკვე საქართველოში სეზონური ალერგიების სეზონიც, რომელსაც იგივე სიმპტომები ახასიათებს, ცოტა ნაკლებად ტემპერატურა. ამიტომ არის ცხელების ცენტრები აუცილებელი, რომ ადამიანი, ვისაც ექნება მაღალი ტემპერატურა და ხველა, იქ მიბრძანდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ცხელების ცენტრებში ასეთ პაციენტებს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდებათ და ასევე კორონავირუსზე სინჯებსაც აუღებენ.
„მათ ჩაუტარდებათ შესაბამისი გამოკვლევა და ასევე აეღებათ ნიმუში კორონავირუსულ ინფექციაზე, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, არ გამოგვეპაროს გრიპის ან გრიპის მსგავსი დაავადების ქვეშ კორონავირუსული ინფექცია. ასევე ჩვენ სერიოზულად გავაძლიერეთ ე.წ. სენტინელური ზედამხედველობის ცენტრები, სადაც გვაქვს გრიპზე დაკვირვების ცენტრები, სადაც ვიღებთ ნიმუშებს. გრიპის ყველა ნიმუში უკვე სამი კვირაა, იტესტება კორონავირუსზეც და ჯერჯერობით ამ ცენტრებში ჩვენ არ გაგვპარვია გრიპის საფარქვეშ კორონავირუსული ინფექცია, მაგრამ ეს ცენტრები ერთეულია, ბევრი არ არის, ამიტომ არის საჭირო ე.წ. ცხელების ცენტრები იყოს ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.