ამირან გამყრელიძე - შეიძლება, დაგვჭირდეს ცოტა მკაცრი ღონისძიებები, ერთი სოფლის დროებით ჩაკეტვა, გადაადგილების შეზღუდვა, ამისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი ყოველ წუთში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება
კორონავირუსი არ გაქრება 23 მაისს, კორონავირუსთან ჩვენ კარგა ხანს მოგვიწევს ყოფნა, სლოგანი „დარჩი სახლში“ თანდათან შეიცვლება ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით დაგვჭირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გარკვეული პერიოდი კორონავირუსის 5-10-20 შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს.
„შეიძლება იყოს ცოტა მეტი შემთხვევებიც ამ შემსუბუქების პერიოდში. როცა შეიძლება დაგვჭირდეს ცოტა მკაცრი ღონისძიებები, იგივე ერთი კლასტერის, ერთი სოფლის დროებით ჩაკეტვა, ორი, სამი ხუთი დღით ერთი არეალის ან იმ არეალში გადაადგილების შეზღუდვა, ამისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი ყოველ წუთში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ოპერატიულად მიიღოს მოკლე ხნიანი შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც სწრაფად მოახდენს ლოკალიზებას ინფექციისა და არ მისცემს მას გავრცელების საშუალებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კანონმდებლობაში ამ ტიპის ცვლილებებს მხარს უჭერს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ტერმინების – „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ განსაზღვრა კანონმდებლობის დონეზე მოხდება. შესაბამისი ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის, რითაც იქმნება შესაძლებლობა, რომ გარკვეული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დაწესდეს.
„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, პროცესები უმართავი არ გახდეს, საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იყოს მიღებული და ამოქმედებული“, – ნათქვამია კანონპროექტში.