ამირან გამყრელიძე საზოგადოებას ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს
მთელი რიგი კვლევები არსებობს, რომ პირბადის დახურულ და გარესივრცეებში პირბადის მანდატორულად ხმარება ინფიცირების პროგნოზულ მაჩვენებლებს ანახევრებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, გამყრელიძემ საზოგადოებას ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ-ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის, ანტონიო ფაუჩის ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აღნიშნული რეგულაციების დაცვით არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ გრიპის შემთხვევების შემცირება არის შესაძლებელი.
„მობილობის შემცირება შედეგს ყოველთვის იძლევა. ამასთან, მთელი რიგი კვლევები არსებობს, რომ დახურულ და გარესივრცეებში პირბადის მანდატორულად ხმარება ინფიცირების პროგნოზულ მაჩვენებლებს ანახევრებს. თუ დღეს გვაქვს 900 შემთხვევა, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი მომდევნო დღეების განმავლობაში განახევრდეს. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე არა, მაგრამ დაახლოებით სამი, ოთხი, ხუთი დღის, ერთი კვირის შემდეგ განახევრდება, თუ ყველა ჩვენგანი პირბადეს სწორად გამოვიყენებთ.
ანტონიო ფაუჩი ამერიკის მთავრობას და მთლიანად საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს. ხუთი მთავარი გზავნილი ფაუჩისგან, რომელიც პანდემიის პირობებში უნდა გავითვალისინოთ, შემდეგია: 1. პირბადეების უნივერსალური ტარება, რასაც ხშირად ვიმეორებთ. დახურულ შენობებში მანდატორულად, სასურველია ღია სივრცეებშიც, როდესაც ინფექცია ფართოდ ვრცელდება და როცა დისტანციას ვერ ვიცავთ; 2. ერთმანეთთან ყოფნის დროს ფიზიკური დისტანციის მაქსიმალურად დაცვა, მეტრი, მეტრ-ნახევარი, უკეთესია ორი მეტრი იყოს; 3. დიდ თავშეყრებზე თავის არიდება, როგორიცაა, პანდემიის პერიოდში რიტუალური ღინისძიებები; 4. მცირე თავშეყრა, რაც დაშვებულია, უპირატესია გაიმართოს მხოლოდ და მხოლოდ გარეთ და არა შიგნით, ანუ დახურულ შენობებში; 5. ხშირად ხელების დაბანა.
გარწმუნებთ, ყველა ამ რეკომენდაციას და გზავნილს თუ დავიცავთ, ეს გრიპის შემთხვევებსაც კი შეამცირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.