ამირან გამყრელიძე - საუბარი არ არის რეგულაციების გამკაცრებაზე, საუბარია იმაზე, რომ დაწესებულ რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ
რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, რომ უნდა დავემორჩილოთ დაწესებულ რეგულაციებს. საუბარია მოწოდებაზე, რომ რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია, აღვასრულოთ და თუ არ სრულდება, შესაბამისი საჯარიმო სანქციები უფრო ქმედითი გახდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
რაც შეეხება აღსრულებას, გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლოა შეიქმნას მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ივლიან და საზოგადოებას მოუწოდებენ რეგულაციების დაცვისკენ.
„ერთია, რომ ვისაც ევალება და იგივე დაჯარიმების უფლება აქვს, მან უნდა შეამოწმოს; მეორე – წამოვაყენეთ წინადადება, რომ მოხალისეები, ახალგაზრდობა მეტად გამოვიყენოთ ამაში, იგივე წითელი ჯვარი, მაღალი კურსის სტუდენტები, რომლებიც ივლიან ენთუზიაზმის საფუძველზე, შესაძლოა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც. მათ შესაბამისი ტრენინგი უნდა ჩაუტარდეთ და ივლიან პარკებში, რესტორნებში, სანაპიროებზე. რა თქმა უნდა, მათ უფლება არ აქვთ დააჯარიმონ, მხოლოდ მოუწოდებენ ადამიანებს: „გთხოვთ, გაიკეთოთ პირბადე“, „დაიცავით დისტანცია“.
ჩვენ თვითონ უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ ვინმე არღვევს, უნდა გვეყოს ამის პასუხისმგებლობა, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს: „შენ არღვევ, ბატონო“, – განაცხადა გამყრელიძემ.