ამირან გამყრელიძე - საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს კვლევები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ბრიტანული შტამი ინდურმა ჩაანაცვლოს.
მისივე თქმით, ყველა შტამზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაკვირვება მიმდინარეობს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის.
„მოგეხსენებათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოჩნდა სხვა შტამები, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური, მათ შორის ინდური. „ჰელსმეტრიკის“ (ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი) პროგნოზირებით, თანდათან შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ბრიტანული შტამი ინდურმა ჩაანაცვლოს, ამიტომ ყველა ამ შტამზე დღეს დაკვირვება მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში. საშუალება გვაქვს როგორც პისიარტექნოლოგიებით, ისე გენომის სეკვენირებით ამ შტამების იდენტიფიცირება მოხდეს. ინდური შტამი ლაბორატორიულად ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, თუმცა კვლევები მიმდინარეობს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური საგანი, დღეს შეიძლება იყოს რამდენიმე კვლევა ინდურ შტამზე, ხვალ მეტი ან ნაკლები. როგორც კი დადგინდება და თუ ეს მოხდა, შესაბამისად, გავაკეთებთ განცხადებას. დღეს ძირითადი, რაც ლაბორატორიულად იდენტიფიცირდება, არის ბრიტანული შტამი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.