ამირან გამყრელიძე - საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება, უკვე 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს.
გამყრელიძე აცხადებს, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ე.წ. დელტა შტამი ბრიტანულს ანაცვლებს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ასევე მოსალოდნელია საქართველოშიც.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად ინდური შტამის კვლავ 20 შემთხვევაა დადასტურებული.
„რა ინფორმაციაც მაქვს, ქვეყანაში დადასტურებულია დელტა შტამის 20 შემთხვევა, ყველა მათგანი იყო იმპორტირებული შემთხვევა. დელტა შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება, სადღაც 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს უკვე მისი ცირკულაცია. ევროპის რიგ ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს, მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანდათან ეს მოხდეს აქაც. ამიტომ, დასაცავია შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.