ამირან გამყრელიძე - საქართველოში 19 000-მდე ექიმი და 17 000-მდე ექთანია აქტიურად დასაქმებული, ჯანდაცვის სისტემას შესაძლოა, დაეხმარონ ის ექიმები, რომლებიც დღეს არ მუშაობენ
საქართველოში აქტიურად დასაქმებული 19 000-მდე ექიმი და 17 000-მდე ექთანია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით გამყრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „დათვლილია თუ არა კოვიდინფიცირებულების რა რაოდენობაზე დადგება სამედიცინო პერსონალის კრიტიკული დეფიციტი“.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაახლოებით 7-8 ათასია იმ ექიმების რაოდენობა, რომლებსაც სამედიცინო განათლება აქვთ, თუმცა ამჟამად, სხვადასხვა მიზეზის გამო დასაქმებულები არ არიან და საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემას ისინიც დაეხმარებიან.
„რა თქმა აუნდა, დათვლილია, როგორც მაქვს ინფორმაცია, საქართველოში აქტიურად დასაქმებული 19 000-მდე ექიმი და 17 000-მდე ექთანია. გარდა ამისა, ცოტა ძველი მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 27-28 000 სერტიფიცირებული ექიმია. ანუ, ექიმების რაოდენობა 7-8 ათასია, რომლებსაც აქვთ სამედიცინო განათლება, მაგრამ დღეს დასაქმებული არ არიან, თუმცა შესაძლებელია და არის საუბარი, რომ მიეხმარონ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას თუ ამის აუცილებლობა დადგა. სასურველია, მოხდეს მათი გადამზადება. ზოგიერთი მათგანი არის პენსიაში გასული, ზოგიერთი არ მუშაობს სხვადასხვა პირობის გამო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.