ამირან გამყრელიძე - საქართველოს მთავრობამ „გილიადს“ პრეპარატ „რემდოსოვირის“ მოწოდების თხოვნით მიმართა, დარწმუნებული ვარ, მოთხოვნა დაკმაყოფილდება და პრეპარატი მარაგში გვექნება
ამირან გამყრელიძე - საქართველოს მთავრობამ „გილიადს“ პრეპარატ „რემდოსოვირის“ მოწოდების თხოვნით მიმართა, დარწმუნებული ვარ, მოთხოვნა დაკმაყოფილდება და პრეპარატი მარაგში გვექნება

საქართველოს მთავრობამ კომპანია „გილიადს“ მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის გარკვეული რაოდენობით გამოიყოს პრეპარატი „რემდოსოვირი“ და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, პრეპარატს აქვს თავისი ჩვენებები, როდის და როგორ უნდა დაინიშნოს.

რემდოსოვირი“ გახლავთ 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატი, რომელსაც აწარმოებს კომპანია „გილიადი“. „რემდოსოვირი“ შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთ ავადმყოფებთან მკურნალობის დროს. გარდა ამისა, კიდევ მრავალი ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება მიმდინარეობდა ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც. იგივე შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები ან კიდევ „ხლოროხინი“, „ინტერფერონი“, „რიბავირინი“ და ა.შ. რომელიც ცნობილია და დღეს ჩვენი ექიმები იყენებენ.

რაც შეეხება თქვენ მიერ დასახელებულ პრეპარატს, ეს გახლავთ სწორედ იმ კომპანიის პრეპარატი, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს „ცე“ ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და ძალიან ძლიერი ანტივირუსულ პრეპარატებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით კომპანია „გილიადს“, რომ საქართველოსთვის გამოიყოს ამ პრეპარატების გარკვეული რაოდენობა. დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება ჩვენთვის და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. პრეპარატს აქვს ჩვენებები, როდის უნდა დაინიშნოს, როგორ და ა.შ. და ჩვენი ექიმები მას გამოიყენებენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.