ამირან გამყრელიძე - საპატრიარქოსთან ხშირი კონტაქტი გვაქვს და ვაძლევთ ზოგად რეკომენდაციებს, არ მაქვს უფლება, რეკომენდაციაში რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებული ნიუანსები ჩავდო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან აქტიურად თანამშრომლობენ და კორონავირუსთან დაკავშირებით, ზოგადი რეკომენდაციებიც მიაწოდეს.
„საპატრიარქოსთან ჩვენ გვაქვს ხშირი კონტაქტი. ორი კვირის წინ, როდესაც უკვე მოიმატა ჩინეთის გარეთ შემთხვევების რაოდენობამ, ჩვენ გვქონდა ურთიერთობა საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურის მოთხოვნით და ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ მათთან. ჩვენს მთავარ ეპიდემიოლოგს და ბევრად კომპეტენტურ ქალბატონ ხათუნა ზახაშვილს ვთხოვე, მან ჩაატარა დაახლოებით ორ საათიანი შეხვედრა საპატრიარქოში თბილისში, როგორც მამაოებთან, ისე დედაოებთან, საპატრიარქოს თანამშრობლებთან და კიდევ სხვებთან. გაიგზავნა შესაბამისი რეკომენდაციები და გზავნილები, მსგავსი შეხვედრა ერთ-ერთი მეუფის თხოვნით ასევე ერთ-ერთ ეპარქიაში გაიმართა, კიდევ სხვაგანაც“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა რეკომენდაციები ზიარების რიტუალთან დაკავშირებით, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მათი რეკომენდაცია ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვას ეხება. გამყრელიძის განმარტებით, არ აქვთ უფლება, რეკომენდაციები მოიცავდეს იმ ნიუანსებს, რაც რელიგიურ რიტუალებთანაა დაკავშირებული.
„მე არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება, რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ, ხოლო რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს, ეს საპატრიარქო ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და მოსახლეობისადმი პატივცემული ინსტიტუციაა საქართველოში და ამ საკითხებს წყვეტს თვითონ, ჩვენ ვიძლევით ზოგად რეკომენდაციებს“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს საპატრიარქომ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.