ამირან გამყრელიძე - სამწუხაროდ, „ასტრაზენეკას“ მოწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული შეფერხებაა, არ დაგიმალავთ, იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებებიც
ამირან გამყრელიძე - სამწუხაროდ, „ასტრაზენეკას“ მოწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული შეფერხებაა, არ დაგიმალავთ, იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებებიც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები იყო, რის გამოც პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.

ამასთან, გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბევრი კვლევით, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, უკეთესი იქნება, თუ  „ატსტრაზენეკას“ ვაქცინა რვიდან 12 კვირის შუალედში ჩატარდება.

„მინდა, განმარტება გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ორი დღეა, ქვეყანაში ხდება. საკითხი შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტურ ხარჯვას, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. მოგეხსენებათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა ორჯერ, 43 000-43 000 დოზა, ცოტა მეტი, ხოლო მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდეგ მოწოდების ვადა გადავიდა ივნისზე, ჯერ ივნისის გარკვეულ დასაწყისში, შემდეგ კი დადასტურება იყო, რომ მოგვეწოდებოდა 22 ივნისისთვის. სამწუხაროდ, მოწოდების სერიოზული შეფერხებაა, რომელიც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, რასაც არ ჩავუღრმავდები. ფაქტია, მოწოდება ვერ მოხდა, რის გამოც ჩვენ შეგვექმნა 4 000-დან 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი „ასტრაზენეკაზე“. ეს ვაქცინა კეთდება ოთხიდან 12 კვირის შუალედში, ანუ რევაქციანაცია შესაძლებელია, ჩატარდეს ოთხიდან თორმეტ კვირამდე. მაგრამ ბევრი კვლევით, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, უკეთესია, როდესაც „ატსტრაზენეკას“ ვაქცინა რვიდან 12 კვირის შუალედში ჩატარდება. დოზებზე, რომლისთვისაც გახსნილი იყო ჯავშნები 30 ივნისამდე, ჩაწერილი იყო დაახლოებით 5 000-მდე ადამიანი, მათ შორის პირველ დოზაზე დაახლოებით 1 250, დანარჩენი მეორე – დოზაზე. არ დაგიმალავთ, იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები, პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანების ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი. ლოჯისტიკასთან დაკავშირებით პრობლემებს ვიკვლევთ. მონაცემები გვქონდა, რომ მეტი იყო დოზა ქსელში, ერთ-ერთი პრობლემა ეს ჩანს. შესაძლოა, აღრიცხვის პრობლემა იყო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგა, ამას არავინ გაურბის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინების დანაკარგებს, საკითხზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, სამპროცენტიანი დანაკარგი იყო.

გამყრელიძის თქმით, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, „ასტრაზენეკა“ 10-დოზიან ფლაკონებშია და გახსნის შემდეგ გარკვეული დოზა აუთვისებელი რჩებოდა.

„ყველაზე მეტი – სამპროცენტიანი დანაკარგი გვქონდა „ასტრაზენეკაზე“, რადგან განსხვავებით სხვა ვაქცინებისგან, „ასტრაზენეკა“ არის 10-დოზიან ფლაკონებში. ვთქვათ, „ასტრაზენეკაზე“ ჩაწერილია ხუთი ადამიანი, ფლაკონი იხსნება და მეტი არ მოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.