ამირან გამყრელიძე - სამედიცინო პერსონალის 46% ერთჯერადად არის აცრილი, ყველაზე ნაკლები აცრილი გვყავს უმცროს სამედიცინო პერსონალში
ამირან გამყრელიძე - სამედიცინო პერსონალის 46% ერთჯერადად არის აცრილი, ყველაზე ნაკლები აცრილი გვყავს უმცროს სამედიცინო პერსონალში

71 ათასი ადამიანი გვყავს ბაზაში, სადაც არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, ანუ უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ასევე ადმინისტრაციული, ვინც მუშაობენ საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში. ჩვენი მიზანი იყო 60 პროცენტის მოცვა. დღეს დილის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46%  არის ერთჯერადად აცრილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ყველაზე ნაკლებად უმცროსი სამედიცინო პერსონალია აცრილი.

„46% არის აცრილი, აქედან ყველაზე მეტი არის ექიმი და ეს გასაგებიც არის, რადგან ექიმები კარგად აღიქვამენ, თუ რა მნიშვნელობა და დაცვა აქვს აცრას. იმ ბაზაში მყოფი ექიმების 64% ერთჯერადი აცრით აცრილია, შემდეგ მოდის არასამედიცინო პერსონალი 45%, ექთნები 34% და ყველაზე ნაკლები გვაქვს 21% უმცროსი სამედიცინო პერსონალი, სანიტრებს რომ ვეძახით. ამიტომ, აქ, რა თქმა უნდა, მეტი მუშაობაა საჭირო იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალი მაგალითია ყველასთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრში 63%-ზეა ასული სრულად აცრილთა რაოდენობა. ჩვენ გვინდა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის 80-90%-ზე ავიდეს, რათა ერთ-ერთი საჩვენებელი დაწესებულება ვიყოთ ამ თვალსაზრისით. კონცეფცია, რასაც ხშირად ვაჟღერებთ, უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უმაღლესი სასწავლებლები, უსაფრთხო სამასპინძლო დაწესებულებები, ეს ნიშნავს რომ 60-70-80% ამ დაწესებულებებისა იყოს ორჯერადად აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.