ამირან გამყრელიძე - საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენეთ საკითხი, რომ ამცრელი ბრიგადები შვიდდღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, სპეციალისტები კი შესაბამისად წახალისდნენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საჭიროა ვაქცინაციის მეტად გააქტიურება.
მისივე თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე დააყენეს საკითხი, რომ ამცრელი ბრიგადები შვიდდღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ და სპეციალისტები წაახალისონ.
ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, ივნისის ბოლოსთვის ამცრელი ბრიგადების რაოდენობა სამასამდე გაიზრდება.
„მეტ ხალხს უნდა აცრა, ვიდრე ვაწოდებთ. საჭიროა, მეტად გავაინტენსიუროთ პროცესი. დღეისთვის ასამდე სამედიცინო დაწესებულების 161 ბრიგადა ცრის, მაგრამ ზოგიერთი ბრიგადა, განსაკუთრებით რაიონებში, არ მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში, არის კვირაში სამი-ოთხი დღე. დღეს საბჭოზე დავაყენეთ საკითხი, რომ შვიდდღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდეთ და შესაბამისად წახალისდნენ სპეციალისტები, ვინც მუშაობენ შაბათ-კვირას და ასე შემდეგ.
გვინდა, რომ ამ თვის ბოლოსთვის 161-დან 200 ბრიგადამდე გადავიდეთ. თითო ბრიგადა აკეთებს დღეში 42-დან 50-მდე აცრას. ივნისის ბოლოსთვის ბრიგადის რაოდენობა 300-მდე მაინც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ამ გეგმას ვაქცინის შესაბამისი მარაგი უნდა მოჰყვებოდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.